ხატუოვის თქმით, შეგროვებულ მწერს სამეცნიერო კვლევებისთვის და ფერომონების დასამზადებლად გამოიყენებენ, რათა მავნებლის გენეტიკა და მასზე ქიმიური პრეპარატების ზეგავლენა შეისწავლონ.
„უახლოესი ორი კვირის განმავლობაში საჭიროა დიდი რაოდენობით აზიური ფაროსანას შეგროვება. ეს მანამდე უნდა გაკეთდეს, ვიდრე გარკვეული ტემპერატურული რეჟიმი დადგება, რასაც უკავშირდება აზიური ფაროსანას პოპულაციის გააქტიურება. მოსახლეობისთვის დამატებითი სტიმულის მისაცემად, ერთი კილოგრამი ფაროსანასთვის 1000 რუბლი დაწესდა“, - განაცხადა ჯამბულატ ხატუოვმა.
მისივე თქმით, ფაროსანას ხელით შეგროვება დღესდღეობით მავნებელთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.
„მავნებელს ჯერ სძინავს. ამიტომ აფხაზეთის მცხოვრებლებს ადვილად შეუძლიათ მისი გამოვლენა და განადგურება. იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი მწერი სეზონზე ექვს მილიონამდე ინდივიდს იძლევა, გარანტირებულია, რომ ხელით შეგროვება მნიშვნელოვნად შეამცირებს მავნებლის რაოდენობას“, - აღნიშნა ხატუოვმა.
შეგროვილ აზიურ ფაროსანას მჭიდროდ დახურული პლასტმასის კონტეინერებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს რაიონულ განყოფილებებში ჩაიბარებენ.
„როსსელხოზნადზორმა“ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზიური ფაროსანა ფიტოსანიტარული კონტროლის დროს, აფხაზეთიდან რუსეთში მიმავალი მგზავრების ხელბარგში აღმოაჩინეს. ამის გამო აფხაზეთიდან რუსეთში ხილ-ბოსტნეულის შეტანა დროებით აიკრძალა.