weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ეს არის მკვლელობა, რუსეთი ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას – პრემიერი არჩილ ტატუნაშვილზე

11:10 სამშაბათი, 27 მარტი 2018

რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას. 

„მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ადამიანები, რომლებმაც აწამეს ქართველი ვაჟკაცი, არიან ქართულ-ოსური შერიგების და საქართველოს გაერთიანების მტრები. ამიტომ, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელ დღეს ამის თქმა და ტკივილით აღსავსე თითოეული სიტყვა, რომელსაც მე ვამბობ, ქართული სახელმწიფო თანმიმდევრულად გააგრძელებს შერიგების პოლიტიკას. ვთხოვ, ქეთევან ციხელაშვილს, დიდი ხნით არ გადავდოთ იმ ნაბიჯების პაკეტის განხილვა, რომელიც მას მომზადებული აქვს. მოვუწოდებ პარლამენტს, დავსხდეთ და თანმიმდევრულად გავაგრძელოთ ის ნაბიჯები, რომლებსაც ამ უმძიმეს ინციდენტამდე ვახორციელებდით. მეორე მხრივ, ჩვენი სახელმწიფო, რათქმაუნდა, იქნება ძალიან მტკიცე კონკრეტულად იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ეს დანაშაული ჩაიდინეს და სამართლებრივი კუთხით გადადგამს იმ ნაბიჯებს, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბით, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.

რაც შეეხება რუსეთს, რათქმაუნდა, რუსეთი ვერანაირად ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მოხდა და ეს პასუხისმგებლობა დაფიქსირებულია საერთაშორისო რეზოლუციებში. დაფიქსირებულია, მათ შორის, ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ძალისხმევის შედეგად, ევროსაბჭოს არაერთ რეზოლუციაში, სადაც ცხადად, შავით თეთრზე წერია, რომ ქვეყანა, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აგებს პასუხს იქ ადამიანის უფლებების დარღვევებზე. რათქმაუნდა, ის, რაც მოხდა არის მკვლელობა, ძალიან დიდი ტრაგედია, მაგრამ მას ჰყავს კონკრეტული პასუხისმგებლები“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ცხინვალში 23 თებერვალს გარდაიცვალა. ქართული მხარე მისი ცხედრის გადმოსვენებას 26 დღის განმავლობაში ითხოვდა. ის „წითელი ჯვრის“ ჩართულობით, ცხინვალიდან 20 მარტს გადმოასვენეს, რის შემდეგაც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ექსპერტიზა ჩაუტარდა. წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც სპეციალისტების განცხადებით, დიდი ალბათობით წამების კვალზე მიუთითებს. 23 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლულია.

არჩილ ტატუნაშვილი 24 მარტს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს. საქართველოს პრეზიდენტმა ტატუნაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]