შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, ბრალდებულები გასაქურდად ბინებს წინასწარ არჩევდნენ, მოიპოვებდნენ და ამუშავებდნენ მონაცემებს აღნიშნული ბინების შესახებ, შემდეგ კი ქურდავდნენ. დადგენილია, რომ დაკავებულებს საბერძნეთის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 200-მდე ბინა აქვთ გაქურდული.
„სამართალდამცველებმა ოთხივე პირის საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფული და მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებს დანაშაულებრივი კავშირი ჰქონდათ ერთ-ერთ ე.წ. „კანონიერ ქურდთან“, რომლისგანაც დავალებებს იღებდნენ და „ქურდული სამყაროს“ მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ.
დაკავებულებს ბრალი ედებათ საბერძნეთის სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 374-ე, 13-ე, 45-ე და 98-ე მუხლებით გათვალისწინებულ ქმედებებში, რაც ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ჯგუფურად მრავალგზის ქურდობას, ფულის გათეთრებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადა ჭელიძემ.
მისივე განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ევროპელ კოლეგებთან ინტენსიურ თანამშრომლობას და ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით.