სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულებმა მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით, სხვადასხვა კომპანიებს ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვების უფლება მისცეს.
„გამოძიებამ დაადგინა, რომ გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებს: გენო ქ-ს, ემზარ ც-ს, მამუკა ა-ს, ირაკლი ხ-ს და რამაზ კ-ს., საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, დანაშაულებრივად დაუკავშირდნენ სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები და მათ სამოქმედო ტერიტორიაზე, უკანონო ქმედების ჩადენის შედეგად, მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით შეუთანხმდნენ, რომ მოახდენდნენ ინერტული მასალის – ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვებას.
გენო ქ-მ, ემზარ ც-მ, მამუკა ა-მ, ირაკლი ხ-მ, და რამაზ კ-მ, 2017-2018 წლებში არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები და აღნიშნული კომპანიების წარმომადგენლების უკანონო ქმედებებში მხილებისა და სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად, თავისი უმოქმედობით და ყალბი დოკუმენტების შედგენის შედეგად, საშუალება მისცეს იმავე კომპანიების წარმომდგენლებს, მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის, ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია“,- განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
უწყების ცნობით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.