გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ის, ვინც ვადის ამოწურვამდე არ დარეგისტრირდება, 2018 წლის საგამოცდო კონკურსში ვეღარ ჩაერთვება.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 36 000-მდე აბიტურიენტი, საგრანტო კონკურსისათვის – 2 500-ზე მეტი სტუდენტი, 9 000-მდე მაგისტრანტობის კანდიდატი და 17 000-მდე მასწავლებელი.
გამოცდებისათვის რეგისტრაცია 5 მარტს გამოცხადდა. აბიტურიენტებისთვის ძირითად ეტაპზე პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითებაა აუცილებელი. 15 მაისის 18:00 საათამდე შესაძლებელია მითითებული არჩევითი საგნის/საგნების შეცვლა ან დამატება. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანა აბიტურიენტს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე შეეძლება.