დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 40.6%-დან 38.9 %-მდე შემცირდა რიგით პირველი დაბადებულის წილი. მესამე და მომდევნო რიგითობის დაბადებულთა წილი 21.3 %-დან 22.6 %-მდე გაიზარდა, ხოლო მეორე შვილის წილი თითქმის უცვლელი დარჩა.
წინა წელთან შედარებით 2017 წელს დაბადებულთა საერთო რიცხოვნობაში 25 წლამდე ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების წილი 35.6 %-დან 32.7 %-მდე შემცირდა. 25-39 წლის ასაკობრივი ჯგუფის ქალების წილი 61.6 %-დან 64.6 %-მდე გაიზარდა, ხოლო 40 წლის და უფროსი ასაკის დედების წილი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა.
2017 წელს გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5.8 %-ით შემცირდა და 47 822 ადამიანი შეადგინა. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი).
2017 წლის ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) წინა წელთან შედარებით 5.6 %-ით შემცირდა და 5 471 შეადგინა.