weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სიღნაღის მერია თანამშრომლებისთვის ხელფასების მომატებას ითხოვს

14:31 პარასკევი, 30 მარტი 2018

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებას ითხოვს. საუბარია ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული პირების, ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლების ხელფასის გაზრდაზე. ეს საკითხი საკრებულომ დღეს უნდა განიხილოს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, მადონა ბატიაშვილის განმარტებით, ხელფასების გაზრდა პროფესიონალი კადრების შესანარჩუნებლად აუცილებელია.

„საუბარი არ არის მერის, მერის მოადგილეების ან სამსახურების უფროსებზე. ხელფასი 400-დან 500 ლარამდე გაეზრდებათ სოფლის ტერიტორიულ ორგანოში დასაქმებულ სპეციალისტებს, 23 ადამიანს. გარდა ამისა მოხდება ადმინისტრაციის, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, კულტურისა და სოციალური სამსახურების 6 თანამშრომლისთვის ხელფასის გაზრდა. თუ აქამდე მათი ხელფასი 700 ლარი იყო, გათვალისწინებულია 1000 ლარამდე გაზრდა“, - ამბობს მადონა ბატიაშვილი.

მერიის მიერ წარდგენილი პროექტის მიხედვით, თანამდებობრივი სარგო კიდევ 35 თანამშრომელს გაეზრდება და მათ დიფერენცირებული ხელფასი ექნებათ: „დიფერენცირება შეეხო ისეთ შტატებს, როგორიცაა, მაგალითად, ინფრასტრუქტურის განყოფილება, საფინანსო განყოფილება, სადაც ძალიან საპასუხისმგებლო საქმე ეკისრებათ ადამიანებს და ფუნქციურად მეტი დატვირთვა აქვთ. აქ ხელფასი 100-150 ლარით მოიმატებს“, - აღნიშნა მადონა ბატიაშვილმა.

ხელფასების ზრდას აპროტესტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დღეს სიღნაღში ჩავიდა და საკრებულოს წევრებს მოუწოდა, დღევანდელი სხდომის დღის წესრიგში ხელფასების ზრდის საკითხი არ შეიტანონ.

მელიას თქმით, სიღნაღის მერიას სურს, რომ ხელფასები „ქართული ოცნების“ აქტივისტებს გაუზარდოს.

„მაშინ, როდესაც ყოველდღიურად იკარგება სამუშაო ადგილები, როდესაც ლარითაც კი არ გაუზრდიათ პენსია, როდესაც ხალხი ქვეყნიდან გაქცევაზეა, რომ საკუთარი ოჯახები შეინახონ, შევიტყვეთ, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტი აპირებს ეხლა უკვე სიღნაღის მერიის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატებას. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არანაირი მორალური უფლება არ აქვს ხელფასები მოუმატოს „ქართული ოცნების“ აქტივისტებს. ეს არის არა მხოლოდ სიღნაღის, არამედ მთელი კახეთის და მთელი საქართველოს დაცინვა“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა დღეს, 15:00 საათზე ჩატარდება, მანამდე კი ბიუროს სხდომაა დანიშნული, სადაც მერიის წინადადებას განიხილავენ.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 29 წევრია. აქედან 23 „ქართულ ოცნებას“, 4 „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, თითო-თითო კი „ევროპულ საქართველოსა“ და „პატრიოტთა ალიანსს“ წარმოადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]