weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვარლის იზოლატორის ყოფილ უფროსს და ინსპექტორს 3 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

17:03 პარასკევი, 30 მარტი 2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილი უფროსი თ.ვ. და ამავე იზოლატორის ყოფილი ინსპექტორი ვ.ს. დამნაშავედ ცნო და სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ ბრალი 2011 წელს მუშაობისას 14 პატიმრის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ედებათ. ორივე მათგანი ხუთი თვის წინ დააკავეს.

„2011 წლის მაისში, თბილისში, საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარეობდა ხელისუფლების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები „სახალხო კრების“ წევრების და ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერთა მონაწილეობით.

იმ მიზნით, რომ ქუჩის საპროტესტო აქციებს არ მიეღო ფართომასშტაბიანი ხასიათი და მოეხდინათ საპროტესტო ტალღის ჩაცხრომა, 2011 წლის 18 მაისიდან 22 მაისამდე პერიოდში სამართალდამცავების მიერ დაიწყო ოპოზიციური პოლიტიკური მოძრაობის აქტიური წევრების და აქციის ორგანიზატორების დევნა, რა მიზნითაც როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაცია, რა დროსაც დაკავებულ იქნა აქციაში მონაწილე პოლიტიკური პარტიების 14 აქტივისტი, რომლებსაც ადმინისტრაციული წესით 30-დან 45 დღემდე ვადით პატიმრობა შეეფარდათ და შეასახლეს შსს ყვარლის პოლიციის სამმართველოს შენობაში განთავსებულ დროებითი მოთავსების იზოლატორში.

პატიმრების შეყვანის შემდეგ, იზოლატორის უფროსმა თ.ვ-მ მხოლოდ იმიტომ, რომ პატიმრობაში მყოფ ხსენებულ 14 პირს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები ჰქონდა და მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაში, მათი დასჯის მიზნით შეიმუშავა პატიმრებთან მოპყრობის დამამცირებელი და არაადამიანური წესები.

2011 წლის 21 მაისიდან 5 ივნისამდე პერიოდში, ყოველდღიურად, თ.ვ-ს და იზოლატორის კიდევ ერთ თანამშრომელს ვ.ს-ს საკნებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ ხელ-ფეხით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, არ აძლევდნენ დღისა და ღამის საათებში დაძინებისა და დასვენების საშუალებას, აიძულებდნენ საათობით ფეხზე დგომას და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის ლიდერების გინებას. პერიოდულად ხდიდნენ მაისურებს და აიძულებდნენ საკნების მორეცხვას, რის შემდეგაც დაბინძურებულ სველ მაისურებს აცმევდნენ ძალით“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ყვარლის დროებითი მოთავსების იზოლატორის ყოფილ უფროსს და ინსპექტორს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, რაც „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით 1 წლით შეუმცირდათ. დამატებითი სასჯელის სახით, 1 წლით და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება, ასევე თითოეულს დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]