პროკურატურის განცხადებით, „ლანცეტის“ დირექტორმა ფ.ჯ-მ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ.ჯ-მ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.
2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებმა გ.ჩ-მ და კ.კ-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს კლინიკა „ლანცეტს“, სადაც ფ.ჯ-მ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.
კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ფ.ჯ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.კ-ს კუთვნილ ფულად თანხას 99 204 ლარის ოდენობით, ხოლო გ.ჩ-ს შემთხვევაში, 2016 წლის 07 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.
ოპერაციის ჩატარებამდე, შპს „ლანცეტის“ დირექტორი ფ.ჯ. ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.
აღნიშნული მოთხოვნების უგულებელყოფით, 2016 წლის 03 მარტს მოქალაქეებს კ.კ-ს, ხოლო იმავე წლის 08 მარტს, გ.ჩ-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.
შპს „ლანცეტის“ დირექტორის ფ.ჯ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. საქმეზე გრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული კლინიკის სხვა თანამშრომლების მიმართ“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.