„გილოცავთ ამ დიდებულ დღეს, ბზობას. კიდევ ერთხელ უნდა გვახსოვდეს, რომ სიხარული და მწუხარება როგორც ტყუპი ძმები ერთად მოგზაურობენ, ერთად არიან. დღეს არის ის დღე, როცა უფალი ჩვენი იესო ქრისტე ზეიმით შედის იერუსალიმში. წერია სახარებაში, რომ შეიძრა მთელი ქალაქი, მთელი ქალაქი ადიდებდა და აქებდა უფალს. ხვდებოდნენ როგორც მეფეს „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“, მაგრამ უფალი ხედავდა მომავალს და სტიროდა, იგი ხედავდა, რომ ეს ხალხი, რომელიც დღეს აქებს მას და ადიდებს, სამი დღის შემდეგ იტყოდა ჯვარს აცვი ეგო. არ უნდა შეგვეშინდეს, ჩვენ როცა ღმერთი გვიგზავნის განსაცდელს. განსაცდელი ეს არის გზა სასუფეველში. ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, საქართველოს მფარველი და წინამძღოლი. ღმერთმა ბედნიერი აღდგომა გაგვითენოს. ამინ“, – აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი თორმეტიდან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმს ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას. სახარების თანახმად, ყოველი მხრიდან ისმოდა ღაღადისი: „ოსანა ძესა დავითისასა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა! ოსანა, რომელი ხარ მაღალთა შინა!“
ბზობის დროს მორწმუნეები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა.
ბზობის გამო, დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.
დიდმარხვა წელს 19 თებერვალს დაიწყო და 8 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.