weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის პორტის თანამშრომლების ნაწილი პროტესტის ნიშნად შიმშილობს

10:23 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები დირექტორის გადადგომის მოთხოვნით მეორე დღეა აქციას მართავენ. ისინი პორტში თანამშრომლების შესაძლო შემცირებას აპროტესტებენ. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, პორტის ადმინისტრაციის შენობაში ათამდე თანამშრომელი შიმშილობს.

აქციის მონაწილეთა თქმით, იანვრის შემდეგ, საპენსიო ასაკს მიღწეული 26 ადამიანი სამსახურიდან უკვე გაათავისუფლეს. ნავსადგურში დასაქმებულები ვარაუდობენ, რომ ხელმძღვანელობამ თანამშრომლებზე ზეწოლა განახორციელა და გათავისუფლების შესახებ განცხადებები დააწერინა.

„მიუხედავად იმისა, რომ თანამშრომლების გათავისუფლება გავაპროტესტეთ, დირექტორმა ისინი შანტაჟის მეთოდით მაიც გაუშვა. 100-ზე მეტი თანამშრომლის შემცირებას კიდევ აპირებს. გარდა ამისა, თანამშრომლებს გაუუარესა სამედიცინო დაზღვევის პაკეტი“, – უთხრა თენგიზ სურმანიძემ „აჭარის ტელევიზიას“.

„იმის შიში გვქვს, რომ ამ ხალხს, რომელიც 20-25 და 30 წელია ნავსადგურში მუშაობს, გადასცემენ აუთსორსინგებს, ფირმებს, რაც ნიშნავს, რომ ერთ-ორ თვეში მათ სამსახურიდან გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა ბათუმის საზღვაო ნავსადგურის პროფკავშირების თავმჯდომარემ ამირან მიქელაძემ.

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის გენერალური დირექტორი მუჰამედ რაჰიმ დანიარი აცხადებს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება არავის ემუქრება.

„რეორგანიზაცია ფარულად არ ტარდებოდა. რეორგანიზაცია პორტში ფინანსური, ეკონომიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით განიხილებოდა. განიხილებოდა, მათ შორის, აუთსორსინგი სამი პირობით: პორტის თანამშრომლების დასაქმება, მეორე - სოციალური პაკეტების შენარჩუნება და მესამე - გრძელვადიანი ხელშეკრულება, რათა სტრუქტურული რეორგანიზაციის დროს მუშებს გარანტია ჰქონდეთ. თანამშრომლების შემცირებაზე საუბარი არ არის და ამ ადამიანების უკმაყოფილებისთვის წინაპირობა არ არსებობს. ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის ეტაპზე ვართ“, – განაცხადა ნავსადგურის დირექტორმა ჟურნალისტებთან.

მუჰამედ რაჰიმ დანიარი საპროტესტო აქციის მონაწილეებს და პროფკავშირებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს. პორტში 800-მდე ადამიანია დასაქმებული. როგორც დირექტორმა აღნიშნა, მათგან 70 პენსიონერია. 

ბათუმის საზღვაო ნავსადგურს ბათუმის ნავთობტერმინალი მართავს, რომლის მფლობელი 2008 წლიდან ყაზახური კომპანია „ყაზტრანსოილია“.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]