სუს-ის 2017 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საოკუპაციო ხაზების გასწვრივ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის წარმოება კვლავაც აქტუალურ პრობლემად რჩება
„საანგარიშო პერიოდმა მკაფიოდ აჩვენა, რომ აღნიშნული პროცესი საოკუპაციო ძალების მიერ დე ფაქტო უწყებებთან კარგად არის კოორდინირებული და მიზნად ისახავს საქართველოს ხელისუფლების ე.წ. საზღვრების „დელიმიტაციის“ და „დემარკაციის“ პროცესში „ჩათრევას“. 2017 წელს კიდევ ორი დამატებითი ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის („ხურჩა-ნაბაკევი“ და „ორსანტია-ოტობაია“) დახურვა მიზნად ისახავდა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ოკუპირებული გალის რაიონიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ინტერაქციის შეზღუდვას“, – აღნიშნულია დოკუმეტში.
ანგარიშის მიხედვით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევას და დისკრიმინაციული პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის „ბინადრობის უფლების“ მინიჭების საკითხზე დაწესებული შეზღუდვები, ოკუპირებული გალის რაიონისა და ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებში მშობლიურ ენაზე სწავლების ნაწილობრივ აკრძალვა და 2017 წელს ცხინვალის რეგიონში (სოფლები: ერედვი, ბერულა, არგვიცი და ფრისი) დევნილი ქართველების კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართული ნგრევა.
სუს-ი ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ მძიმე კრიმინოგენურ ვითარებასა და ადგილზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების არარსებობას ასახელებს. საქართველოში მოქმედი ერთადერთი ასეთი მისია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაა (EUMM).