შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაჭრის ფაქტი დაახლოებით, 19:00 საათზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დაჭრილები არიან 1998 წელს დაბადებული ზ.ღ., 1996 წელს დაბადებული ლ.ს., 1993 წელს დაბადებული გ.ს. და 1996 წელს დაბადებული გ.ხ.
„ამ დროისთვის, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობენ. პოლიციამ ამოიღო, სავარაუდოდ, დანაშაულის ჩადენის იარაღიდან გასროლილი ტყვიების მასრები, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“, - განაცხადეს შს სამინისტროში.
მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.