weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თუშები ხელისუფლებისგან კონგოში დატყვევებული სოსო ოსორაულის გამოხსნას ითხოვენ

18:28 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში დატყვევებული ქართველი სამხედრო მფრინავის გათავისუფლების მოთხოვნით, ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში საპროტესტო აქცია გაიმართა. თუშები საქართველოს პრეზიდენტისგან და მთავრობისგან ითხოვენ, უფრო ქმედითი ღონისძიებები გაატარონ კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაში მყოფი სოსო ოსორაულის გასათავისუფლებლად.

„ამ კაცის ოჯახი 4 თვეა პასუხს ელოდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია. სამშობლოს დამცველი ჯარისკაცი სოსო ოსორაული, რომელმაც გმირობები ჩაიდინა 2008 წელს, რუს ოკუპანტებთან ბრძოლისას, 11 აგვისტოს, ღამით გაფრინდა და მე–2 ქვეითი ბრიგადის ორი ბატალიონი იხსნა ტყვეობიდან, სიკვდილიდან. ვთხოვთ პრეზიდენტს, მთავრობას, ეს კაცი დაიხსნას ტყვეობიდან. მე შეურაცხყოფილი ვარ იმიტომ, რომ კონცერტის ჩასატარებლად იხდიან დიდი რაოდენობით ფულს და ჩვენ კიდევ 4 თვეა კაცი ტყვეობაში გვყავს და ის ვერ გამოგვიხსნია. თუშებო, ყველა ზომას მივმართოთ მის დასაბრუნებლად“, – აღნიშნა აქციის მონაწილე სოსო ბაბულაიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ზვიად გონაძეს მტკიცებულებებისა და ფაქტის დადასტურების გარეშე დღეს არ უნდა გაევრცელებინა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაძლოა, სოსო ოსორაული გარდაცვლილი იყოს.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იგივე პრეტენზია აქვს სოსო ოსორაულის ძმას კობა ოსორაულსაც.

„ცოცხალი რომ იყო, ტყვეობაში, ხომ გვქონდა ფაქტი, მკვდარი თუ არის, ფაქტი გვანახონ. ისე არ უნდა გაევრცელებინათ ინფორმაცია მისი შესაძლო დაღუპვის შესახებ. ჩემ ძმას საქართველოში დედა, მეუღლე და ოთხი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ასე გადაუმოწმებლად ამ ინფორმაციის გავრცელება არ შეიძლება. ამ 4 თვის განმავლობაში ოჯახის წევრებთან ხელისუფლებიდან არავის მისულა და არაფერი უთქვამთ, არავინ შეხმიანებია“, – უთხრა „რეგინფოს“ კობა ოსორაულმა.

აქციის მიმდინარეობისას გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოსო ოსორაულის გათავისუფლების სანაცვლოდ კონგოში ამბოხებულები ერთ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდნენ. კობა ოსორაულმა ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა.

41 წლის სოსო ოსორაული თითქმის ოთხი თვეა რაც კონგოში, უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების ტყვეობაშია.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან კონგოელ მფრინავებს, რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს.

დღეს, დილით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილე ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა, იოსებ ოსორაულიც იყოს მათ რიცხვში. ბრიფინგს სოსო ოსორაულის უმცროსი ძმა გიორგი ოსორაულიც ესწრებოდა.

მინისტრის მოადგილის განმარტებით, სამინისტრომ ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მისი დადასტურება სთხოვა კონგოს მთავრობას, გაეროს, წითელ ჯვარს, მაგრამ არცერთი მხარისგან პასუხი ჯერ არ მიუღია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]