ახალი ღვინის ფესტივალი 2018 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეულ საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.
ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით - ნალი ბენდი, ფოლკლორული ანსამბლი „დიდგორი“, რეზო კიკნაძის ჯაზ-ბენდი და ხონის სახალხო სასულე ორკესტრი. იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები, მეთუნე თიხის ნაკეთობების მასტერკლას ჩაატარებს და სხვა.
ფესტივალში მონაწილეობისთვის ღვინის კომპანიებმა და საოჯახო მარნებმა რეგისტრაცია 21 თებერვლიდან 5 აპრილის ჩათვლით გაიარეს. ფესტივალში მონაწილე საოჯახო მარნების შესარჩევი დეგუსტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საფესტივალოდ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან სულ 236 საოჯახო მარნის 422 ღვინო წარადგინეს. ფესტივალში ღვინის 81 დიდი კომპანიაც მონაწილეობს.
ღვინის კლუბის მიერ შერჩეული სადეგუსტაციო კომისია, კომპეტენტური ღვინის პროფესიონალებისა და ექსპერტების შემადგენლობით, ეტაპობრივად ატარებს დეგუსტაციებს. ღვინო ფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: ვიზუალი (0-2 ქულა), სურნელი (0-4 ქულა) და გემო (0-4 ქულა). საუკეთესო შეფასება, თუ ყველა კრიტერიუმში მაქსიმალური ქულა აიღო, არის 10. საბოლოო შედეგები აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი.
ფესტივალის მთავარი მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა.
ახალი ღვინის ფესტივალი 2010 წლიდან ტარდება.