weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ენერგეტიკის მინისტრი მთიულეთში მოსახლეობას შეხვდება

19:18 ოთხშაბათი, 24 მაისი 2017

25 მაისს, 13:00 საათზე, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მთიულეთში, ხანდოს თეთრ ხიდთან მოსახლეობას შეხვდება. შეხვედრა დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ქსანი–სტეფანწმინდას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობას ეხება.

რუსეთის ენერგოსისტემასთან დაკავშირების მიზნით, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, „ენერგოტრანსი“ და ფინურ-ინდური კონსორციუმი - ELEL-EMC 500 კილოვოლტიან ხაზს აშენებენ. პროექტის მიხედვით ხაზი მთიულეთის და ხევის სოფლებზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს გადის. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაწყებულია.

მთიულები და მოხევეები ითხოვენ, მაღალი ძაბვის მშენებარე ხაზი დასახლებულ პუნქტებს დააშორონ. ადგილობრივები შიშობენ, რომ 500-კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო არ არის და ელექტრომაგნიტური ველის გამოსხივება სხვადასხვა დაავადებებს იწვევს. ამავე დროს, ისინი ითხოვენ, მშენებლებმა სამუშაოები ისე აწარმოონ, რომ მეწყრული პროცესები არ გააქტიურდეს და სოფლებს საფრთხე არ დაემუქროს, მათ შორის მშენებლობა აარიდონ სასაფლაოს ტერიტორიას.

ამ მოთხოვნებით დუშეთის და ყაზბეგის რაიონებში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ხანდოს ხეობაში გამართული აქციის 6 მონაწილე პოლიციამ დააკავა და 400–400 ლარით დააჯარიმა. მომდევნო დღეებში, სოფელ მუგუდაში, სასაფლაოს ტერიტორიაზე გამართული აქციის მონაწილეებსაც ხელისუფლებამ პოლიციის და სპეცრაზმის მობილიზაციით უპასუხა.

ხაზის მშენებლობაზე გარემოს დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ნებართვა არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ და მოხევეებს სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული და მთელი რიგი დარღვევების გამო მის გაუქმებას ითხოვენ. სასამართლომ საქმის არსებითი განხილვა 22 მაისს დაიწყო.

იმის მიუხედავად, რომ დავა სასამართლოში მიმდინარეობს, ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი გასულ კვირაში დარწმუნებით აცხადებდა, რომ ქსანი–სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას წინ ვერავინ დაუდგება და ის აუცილებლად აშენდება.

მთიულებისა და მოხევეების პროტესტს საქართველოს კათოლიკო პატრიარქიც გამოეხმაურა. პატრიარქი ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის მოთხოვნებზე შემხვედრი ნაბიჯები გადადგას და სადაც შესაძლებელია, ხაზის გასაყვანად ალტერნატიული მარშრუტები შემუშავდეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]