weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სპეცოპერაციას, რა დროსაც მაჩალიკაშვილი მოკლეს, სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა

18:37 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით 4 პირი დააკავეს, მეხუთე - 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი კი საკუთარ საძინებელში მოკლეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ხელმძღვანელობდა.

სუს-ი ამ ინფორმაციას უარყოფს, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებმა სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სოსო გოგაშვილი ამოიცნეს.

„სპეცოპერაციის შემდეგ ეზოში რომ ჩამოვედი, ყველას ვეკითხებოდი, თემირლანი სად არის მეთქი. პასუხს არავინ მცემდა. ვცდილობდი გამერკვია ჩემი ოჯახის თავს რა ხდებოდა. მაშინ ერთი პირი მოვიდა ჩემთან და ზიზღით მკითხა - სტუმრები ვინა გყავდაო. რომელ სტუმრებზე მელაპარაკები მეთქი, ეგ შენ იცი ვინც იყვნენო. მე სტუმრები ყოველდღე მომდიან, რომელ სტუმრებს გულისხმობ მეთქი და მაშინ დამიგდო ქაღალდი, აი, წაიკითხე, აქ წერიაო. რომ წავიკითხე იქ ეწერა: რამაზ მარგოშვილი, რუსლან ალდამოვი და მათთან ერთად ჩაწერილი იყო კიდევ ბორზიევი და სოლტახმადოვი. მე ვუთხარი, ეს ორი, მარგოშვილი და ალდამოვი ჩემი მეზობლები არიან, იმ ორს მე არ ვიცნობ მეთქი. ისევ თემირლანს ვკითხულობდი. ამავე პირმა მითხრა, თელავის საავადმყოფოშიაო გადაყვანილი. მეზობლისგან მანქანა გამოვიყვანე და თელავში წავედი. საავადმყოფოში რომ მივედი, ჩვენებური ქალი დამხვდა. ვკითხე, თემირლანი ხომ არ მოუყვანიათ მეთქი. მოიყვანეს და ტყვია შუბლში აქვსო ნასროლი. მოგვიანებით გავარკვიე, რომ ეს პირი სოსო გოგაშვილი ყოფილა, ტელევიზიიდან ვიცანი“, - ციტირებს პანკისის სათემო რადიო WAY თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის კომენტარს.

„ჩემი შვილი მანახეთ მეთქი რომ ვითხოვდი, ერთ-ერთმა მიპასუხა, შენი შვილი განყოფილებაშიაო გადაყვანილი. იმ კაცს ყავისფერი ქურთუკი ეცვა. იქ, კარში ვიდექით მე, რამაზ მარგოშვილის მეუღლე ლია დუიშვილი და ჩემი გოგო ნატა, ესენი მაკავებდნენ, არ მიშვებდნენ აქეთ. იმ კაცმა თითის ქნევით მითხრა, სტუმრები ვინა გყავდნენო. ვინ სტუმრები მეთქი? კარგად იცით ვისზეც გეუბნებით. სპეცრაზმელი რომ მოკლეს თბილისში, ხომ გახსოვთ, ჩემზე კარგად იცით ვინ სტუმრებზეც ვამბობო. არ ვიცოდი მე ეს კაცი ვინ იყო. თემირლანის გარდაცვალების შემდეგ, ინფორმაციას რომ ვადევნებთ თვალს, სურათებში ის კაცი ვიცანი. სოსო გოგაშვილი ყოფილა“, - ამბობს თემირლან მაჩალიკაშვილის დედა, მედიკო მარგოშვილი.

იმყოფებოდა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის ჩატარების დროს პანკისის ხეობაში და ხელმძღვანელობდა თუ არა სპეცოპერაციას და დაკავების პროცესს, პანკისის სათემო რადიომ ინფორმაცია ერთმანეთისგან დამოუკიდებელ რამდენიმე წყაროსთან გადაამოწმა. კონფიდენციალობის პირობით დაგვიდასტურეს, რომ სოსო გოგაშვილი, 26 დეკემბერს, სოფელ დუისში ნამდვილად იმყოფებოდა.

პანკისის სათემო რადიოს სხვადასხვა წყაროებმა უთხრეს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის შემდეგ, საძინებელ ოთახში სუს-ის თანამშრომლებმა ხელყუმბარა სოსო გოგაშვილის დავალებით დადეს იმის შესაფუთად, რომ თითქოს თემირლანმა სპეცრაზმს წინააღმდეგობა გაუწია.

„თემირლანს ხელში ტელეფონი რომ ჰქონდა, არვიცი რა ეგონათ, ესროლეს და მოკლეს. როგორია ახლა, უდანაშაულო 19 წლის ბიჭი საკუთარ საძინებელში, საწოლში მოკლა. რაღაც ხომ უნდა მოემოქმედებინათ. ვიდრე ხელყუმბარა არ მოიტანეს, ცდილობდნენ ჭრილობიდან სისხლდენა შეეჩერებინათ. ბალიშები, საბანი, ყველაფერი სისხლით იყო გასვრილი. ხელყუმბარა როგორც კი მოიტანეს, სუს-ის მანქანაში ჩაუსვიათ და წაიყვანეს საავადმყოფოში. მოგვიანებით გავიგეთ, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას დაჭრილი სოფელ მატანში გადასცეს“, - აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, სოსო გოგაშვილი სპეცოპერაციის დროს პანკისში არ იმყოფებოდა. „ეს არის ტყუილი. სოსო გოგაშვილი იქ არ იმყოფებოდა, შესაბამისად ასეთ დიალოგსაც ადგილი ვერ ექნებოდა“, - განაცხადა გიორგობიანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.

პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

გელა მთივლიშვილი

საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი. აშუქებს უმცირესობების, ადამიანის უფლებების და მთის საკითხებს. E-mail: [email protected]

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]