რუსეთის მცენარეთა დაცვის სპეციალისტის, ნატალია სოლოვიოვას თქმით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში საქართველოს გამოცდილება და გატარებული ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან მოგვეწონა შტაბის მუშაობა და ორგანიზებულობა, კომპიუტერული პროგრამა, სადაც თავს იყრის ინფორმაცია მავნებლის გავრცელებასთან დაკავშირებით. სწორად და მეცნიერული გათვლებით არის განლაგებული დამჭერი მოწყობილობები იმისთვის, რომ მავნებლის იდენტიფიცირება დროულად მოხდეს და შემდეგ ქიმიურად დამუშავდეს. იმედი გვაქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩვენც გამოვიყენებთ თქვენს გამოცდილებას“, – აღნიშნა ნატალია სოლოვიოვამ.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განაცხადეს, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში აქტიურად თანამშრომლობენ ყველა იმ ქვეყნის სპეციალისტთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციიდან, სადაც აზიური ფაროსანა გამოწვევაა.
„გამოცდილებების გაზიარება და კოორდინირებული მუშაობა მავნებლის პოპულაციის შემცირებაში და მის მიერ აგრარული დარგისთვის მიყენებული ზიანის მაქსიმალურად შემცირებაში დაგვეხმარება“, – განმარტავენ სააგენტოში.
აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს. ზამთრის ძილიდან გამოსული აზიური ფაროსანა აპრილის ბოლოდან-მაისში იწყებს დამატებით კვებას და კვერცხდებას. 4-5 დღეში ჩნდებიან მოწითალო ნიმფები (მატლები). ფაროსანა მცენარით კვებას გაზაფხულზე იწყებს და გვიან შემოდგომამდე აგრძელებს.