„აგარის შაქრის“ ქარხანა ექვს თვეზე მეტია გაჩერებულია. აგარის მცხოვრებლების თქმით, მოსახლეობის დიდი ნაწილი აღნიშნულ ქარხანაში იყო დასაქმებული, საწარმოს მუშაობის გაჩერების შემდეგ კი ისინი უკიდურესად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ქარხნის მფლობელების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოება შეაჩერეს.
„კომპანია ყველაფერს იმპორტული შაქრის დაბალ ფასსა და პროდუქციის ჭარბ შემოდინებას აბრალებს, საკუთარ პასუხიმგებლობას იხსნის და ხელისუფლებისაკენ იშვერს თითს. აგარის მოსახლეობა დღეს არის გაუსაძლის კრიზისში, როგორც ეკონომიკურად, ისე სოციალურად. ყველა დასაქმებულის უკან ოჯახი დგას და სამწუხაროდ ყველა მოქალაქეს გააჩნია საბანკო ვალდებულებები. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა და გაატაროს რეალური პოლიტიკა“, - ნათქვამია სოფლის მეურნების, მსუბუქი და კვების მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის განცხადებაში.
„შაქრის ქარხნის“ თანამშრომლები დაახლოებით ერთი თვეა, რაც ღამეს ქარხანასთან ათევენ და შიმშილობენ.