weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა – ვახტანგ გომელაური

14:11 ოთხშაბათი, 18 აპრილი 2018

„2017 წლის განმავლობაში, საქართველოში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენები მნიშვნელოვნად შესუსტდა. სულ უფრო ნაკლები ახალგაზრდა ინტერესდება ამ ორგანიზაციის იდეოლოგიითა და ე.წ. რელიგიური შეხედულებებით“, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტში 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.

ვახტანგ გომელაურის თქმით, საქართველოში ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენების შესუსტებაზე გავლენა იქონია სირია-ერაყში განვითარებულმა მოვლენებმა და სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა.

„2017 წელი ტერორიზმიდან მომდინარე საფრთხეების თვალსაზრისით გარკვეულწილად კრიტიკული აღმოჩნდა. ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მნიშვნელოვანი ტერიტორიული დანაკარგების შემდეგ, ტერორისტული აქტივობების განხორციელების მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრნენ. შეიცვალა ორგანიზაციის მოქმედების ტაქტიკაც. იგი ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების განხორციელებიდან ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებაზე გადაერთო. „ისლამურმა სახელმწიფომ“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტერორისტული აქტები განახორციელა, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მისივე თქმით, 2017 წელს საქართველოში ადგილი ჰქონდა ტერორიზმის დაფინანსების მცდელობის, ექსტრემისტული და ტერორისტული იდეების მხარდაჭერისა და საქართველოს ცალკეული მოქალაქეების რადიკალიზაციის ფაქტებს.

„კონტრტერორისტულ ცენტრში გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 6 საქმეზე. 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტები დაგეგმვის პროცესში აღკვეთა. სამსახურის მიერ გამოვლინდა ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფი და მათი ხელშემწყობი საქართველოს მოქალაქეები. არსებული ინფორმაციით, ტერორისტული ჯგუფის მიზანს წარმოადგენდა ტერაქტების მოწყობა საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე. ლიკვიდირებულ პირთა შორის დადგინდა საერთაშორისო ტერორისტი ახმედ ჩატაევი. თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი და დაიჭრა რამდენიმე სამართალდამცავი, თავიდან იქნა აცილებული მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისსა და ახმეტის რაიონის სოფლებში ტერორისტულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაკავებულ იქნა 5 პირი. ერთ-ერთი მათგანი მოგვიანებით, სპეცოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

აღნიშნულ ტერორისტულ ჯგუფთან მიმართებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განხორციელებული კონტრტერორისტული მოქმედებები იყო პრევენციული, რადგან მოხდა ტერორისტული ჯგუფის გამოვლენა და მათი ქმედებების აღკვეთა“, – აღნიშნა გომელაურმა.

მისივე განცხადებით, საქართველო დაბალი ტერორისტული საფრთხის მქონე ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.

„გასულ წელს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ უსაფრთხოების სამსახურს შეუძლია ტერორისტული აქტივობების მოსამზადებელ ეტაპზე გამოვლენა და აღკვეთა, რაც დღეს არსებული დინამიკური ტერორისტული საფრთხეების გათვალისწინებით განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს“, – განაცხადა სუს-ის უფროსმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]