weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

გეტყვით პირიქით: დღეიდან კაცებმა ქალებს უნდა დავბანოთ ფეხი – დეკანოზი თამაზ ლომიძე

11:21 ორშაბათი, 23 აპრილი 2018

„აღდგომის ბრწყინვალე დღეები დამწუხრდა იმით, რომ კიდევ ერთი ახალგაზრდა ქალი მოკლეს და ორი პატარა ბავშვი დარჩა ობლად. ესეთი რამ, რაც ბოლო წლებში ხდება, საქართველოს ისტორიაში ალბათ არასდროს მომხდარა - ქალების მკვლელობა „ვაჟკაცი“ კაცების მიერ. ეს არის ერის ტრაგედია. ამაზე უნდა ისაუბროს ყველა მღვდელმა, ყველა ეპისკოპოსმა, მთელმა ეკლესიამაც“, – ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ 22 აპრილის ქადაგებისას განაცხადა. დეკანოზი თბილისში, 25 წლის თამარ გამრეკელაშვილის მკვლელობას გამოეხმაურა.

„ფეხის დაბანვის ტრადიცია ხომ იცით რას ნიშნავს? ებრაელებს სტუმარი რომ მისდიოდათ სახლში, მათ ფეხსაცმელი კი არ ეცვათ, ფეხშიშველები დადიოდნენ, ყველაზე დიდი პატივისცემა მისთვის დამსკდარი ფეხების დაბანა იყო. ეს იყო თავის დამდაბლება მის წინაშე და პატივისცემა. განკაცებულმა ქრისტე ღმერთმა თავის მოციქულებთან გაიხადა სამოსელი, აიღო პირსახოცი და წყალი, დაუჩოქა მათ, თორმეტივეს სათითაოდ დაბანა ფეხები და უთხრა: თუ მე, მოძღვარი და უფალი ფეხს გბანთ თქვენ, თქვენც ვალდებულები ხართ, ფეხები დაბანოთ და ემსახუროთ ერთმანეთს. ფეხების დაბანა მსახურებას ნიშნავს.

კათოლიკე ეკლესიას ასეთი ბრწყინვალე ტრადიცია აქვს, რომელსაც ბოლო პაპი აკეთებს ხოლმე. მღვდლებს კი არ ბანს ფეხს, როგორც ჩვენთან იციან, საზოგადოების ფენა, რომელიც ყველაზე მეტად დაჩაგრულია, იმათ დასვამს, 12 კაცს და მათ ბანს ფეხებს. ამით ეუბნება, ისე ვერ გემსახურეთ, როგორც უნდა გვემსახურა და აი, გბანთ ფეხებს ნიშნად იმისა, რომ ამას გამოვასწორებთ, გემსახურებით და დაგიცავთ. წელს პაპმა სირიელ ლტოლვილებს დაბანა ფეხები, შარშან - პატიმრებს. ეუბნება: მაპატიე, რომ ვერ დაგიცავი, ვერ გემსახურე. ეს წესი უნდა გადმოვიღოთ ჩვენც და ფეხები უნდა დავბანოთ ქალებს.

გაგიგიათ - ქმარი რომ მოვა სახლში, ცოლო, ფეხები დაბანეო. დღეს საწინააღმდეგო უნდა ითქვას. მიდით და დაბანეთ ფეხები ქალს, რომელიც შეიძლება დღესაც ძალადობის ქვეშ ცხოვრობს და ხვალ შეიძლება მოკლან. დაბანეთ და აღუთქვით, რომ ემსახურებით მათ.

მიდით და დაბანეთ ფეხები იმ ქალებს, უცხოეთში რომ არიან წასულები სამუშაოდ. შვილები რომ უდედოდ გაიზარდნენ, იმიტომ, რომ მათ ფული უნდა გამოეგზავნათ და ერჩინათ. აი, ის ქალები ჩამოიყვანეთ და დაბანეთ ფეხები და უთხარით, რომ ვერ დაგიცავი, რომ არ გაქცეულიყავი სხვა ქვეყანაში მოსამსახურედ, გბან ფეხებს და გპირდები, რომ დაგიცავ.

იმ ბებიებს უნდა დავბანოთ ფეხები, ლიმონს რომ ყიდიან ქუჩაში იმის ნაცვლად, რომ შვილიშვილებთან იყოს სახლში.

იმ ქალებს უნდა დაბანოთ ფეხები, ოჯახის შექმნა რომ უნდა და რომ ვერ ქმნის იმიტომ, რომ არ იცის შვილები როგორ არჩინოს, ან შვილები ჰყავს და ერთი კვერცხი როგორ უყიდოს, არ იცის.

დაღუპული მეშახტეების ცოლებს უნდა დაბანონ ფეხები, რომლებიც დამხმარეების გარეშე დარჩნენ. უნდა გამოიყვანონ და ფეხები დაბანოს მათ მთელმა ეკლესიამ და მთელმა ქვეყანამ.

ფეხები უნდა დავბანოთ ყველა გაჭირვებულ და გაწვალებულ ქალს, რომელიც არის დღეს საქართველოში. მოვიხსნათ ვაჟკაცი ქართველი კაცების ნიღაბი და დავიწყოთ ქალებისთვის ფეხების დაბანა. ეს იქნება ქრისტიანული საქმე. 

არ არის განსხვავება ქალს და კაცს შორის. თანასწორი ხართ ორივე ქრისტე იესოში. ერთია განსხვავება მხოლოდ - კაცს მეტი პასუხისმგებლობა მისცა ღმერთამა და პირველი უნდა იყოს მხოლოდ მსახურებაში. პირველი გქვია იმიტომ, რომ უნდა მეტად ემსახურო სხვას და შენს მეუღლეს.

მე არ წარმომიდგენია, რომ დავითის, რუსთაველისა და თამარის დროინდელი ქართველები, მარაბდაზე მებრძოლი ცხრა ძმა ხერხეულიძე ესეთები ყოფილიყვენენ. ყოვლად შეუძლებელია. 

საქართველოში კაცმა უნდა დაბანოს ქალს ფეხი და კაცი უნდა ემსახუროს საქართველოში ქალს. ჩვენ გვგონია, რომ ეს ასეა, მაგრამ ეს ასე არ არის. ქალები გვყავს მსახურებად გახდილი, კაცები არ ვემსახურებით ქალებს“, – განაცხადა დეკანოზმა თამაზ ლომიძემ.

25 წლის თამარ გამრეკელაშვილი 13 აპრილს მოკლეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით მისი მამინაცვალი 50 წლის ვეფხია ბაქრაძეა დაკავებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ქალი მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა. მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]