weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს

13:21 პარასკევი, 26 მაისი 2017

თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. ამის მიზეზად ცერცვაძემ კომპანია „აიპლუსთან“ დაკავშირებული სასამართლო დავა დაასახელა. მისი განმარტებით, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, მისი თანამდებობრივი სტატუსის გამო, შესაძლებელია შეკითხვები გაჩენილიყო.

„უკანასკნელ პერიოდში არაერთი ცილისმწამებლური და დაუსაბუთებელი განცხადება იქნა გაკეთებული კომპანია „აიპლიუსის“ მხრიდან, რაც აშკარად სცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და უხეშად ლახავდა, როგორც ჩემი, ასევე საქმის განმხილველი მოსამართლეებისა და მთლიანად სასამართლოს კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.

გასულ კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა შპს „აიპლიუსისა“ და შპს „აიტექნიკის“ დავის განხილვა. განვლილი პერიოდის ანალიზის საფუძველზე, ვფიქრობ, საქმის სააპელაციო წესით განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია, რომ კომპანია „აიპლიუსმა“ კვლავ განაგრძოს მსგავსი მეთოდების გამოყენება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი შეხება არ გამაჩნია ამ კომპანიების საქმიანობასთან და დღემდე არ არსებობს არცერთი დადასტურებული ფაქტი სამართალწარმოების პროცესში ჩემ მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების რაიმე სახით გამოყენებისა, ვთვლი, რომ საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის შემთხვევაში, ჩემი თანამდებობრივი სტატუსის გამო, ფორმალურად, მაგრამ მაინც შესაძლებელია გაჩნდეს გარკვეული შეკითხვები.

ჩემთვის ძვირფასია თითოეული ჩემი კოლეგა, რომლებთანაც მრავალი ერთად გატარებული წარმატებული წელი მაკავშირებს და მეამაყება, რომ წილად მხვდა პატივი წლების განმავლობაში ვყოფილიყავი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ინოვაციური სასამართლოს თავმჯდომარე.

ჩემს თანამდებობრივ მდგომარეობაზე მაღლა ვაყენებ მოსამართლეების და მთლიანად სასამართლოს ინტერესებს. შესაბამისად, საზოგადოებაში ამ საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ეჭვის გამორიცხვის და მოსალოდნელი შეკითხვების თავიდან აცილების მიზნით, მართებულად მიმაჩნია, დავტოვო სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა და ჩემი სამოსამართლეო ვადის ფარგლებში გავაგრძელო მხოლოდ სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის ფუნქციების განხორციელება“, - ნათქვამია ვალერი ცერცვაძის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია „აიტექნიკის“ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და „აიპლუსს“ მათ სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების სახით 856 000 ლარის გადახდა დააკისრა. „აიპლუსმა“ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

„აიპლუსის“ მფლობელის მამუკა მარღიშვილის განცხადებით, მისი კომპანია „აიტექნიკმა“ გააკოტრა, რომლის უკანაც ვალერიან ცერცვაძე და მისი ოჯახის წევრები დგანან. კერძოდ, 2011 წელს „აიტექნიკი“ ვალერი ცერცვაძის მამამ და ცოლისძმამ დააფუძნეს, ხოლო კომპანიის გენერალური მენეჯერი მისი მეუღლე, გვანცა მიქუჭაძეა.

ვალერი ცერცვაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ 2012 წელს დაინიშნა და მოსამართლეობის ვადა 2017 წლის ნოემბერში ეწურებოდა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ როდის განიხილავს საბჭო მისი თანამდებობიდან გადადგომის საკითხს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]