„აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შეწამვლითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. იწამლება საცხოვრებელი სახლების სხვენები და დამხმარე ნაგებობები. მერიის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულებში შექმნილია მოხალისეობრივი ჯგუფები, რომლებიც მარტოხელა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეწამვლით სამუშაოებში ეხმარებიან. ამავდროულად, შესაბამისი პესტიციდებით მუშავდება მიტოვებული შენობა-ნაგებობები“, - განაცხადეს ზუგდიდის მერიაში.
აზიური ფაროსანა მავნებელი მწერია, რომელიც მცენარეებით იკვებება. მავნებელი დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოს რეგიონში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მწერმა მეთხილეობის დარგს 2016 წელს 50-60 მილიონი ლარის ზარალი მიაყენა. 2017 წელს აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებშიც გავრცელდა და ზარალი კიდევ უფრო გაიზარდა. თხილის გარდა, ბაღლინჯო აზიანებს თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს, ბოსტნეულ კულტურებს; განსაკუთრებულ ზიანს აყენებს ატამს, ვაშლატამას, ვაშლს, მსხალს, ჟოლოს, პომიდორს, წიწაკას, მზესუმზირასა და სიმინდს. მავნებლის ძლიერი აფეთქების დროს ზარალმა შესაძლოა, მოსავლის ღირებულების 70%-იც კი შეადგინოს.
აზიურ ფაროსანასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოქმედებს ცხელი ხაზი – 1501.