დევნილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, ძმათა სასაფლაოზე დაიკრძალებიან: თამაზ ხარბედია – მინისტრის მოადგილე, მიხეილ კოკაია – ჟიულ შარტავას მრჩეველი სამხედრო საკითხებში, ზურაბ ძამუნაშვილი – მებრძოლი, გელა ფარქოსაძე – მებრძოლი, გოჩა შინჯიკაშვილი – მებრძოლი, გიორგი არზუმანოვი – მებრძოლი, კობა ხეჩიკაშვილი – მებრძოლი, ნუგზარ ფრიდონიშვილი – მებრძოლი, ზაზა მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), ერმილე მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), სიმონ ჟორჟოლიანი – მებრძოლი (წყალტუბო), მუხრან თუთისანი – მებრძოლი (ხონი), დავით ღლონტი – მებრძოლი (ლანჩხუთი), იმედა კოპალიანი – მებრძოლი, დავით წურწუმია – მებრძოლი, შოთა ჯღამაძე – ექიმი, ნუგზარ მილორავა – მებრძოლი, ასკალო მანაგაძე – მშვიდობიანი მოქალაქე (ქუთაისი), გელა თურმანიძე – მებრძოლი (საჩხერე), ალექსანდრე ზაალიშვილი – მებრძოლი, მუხრან მაჭარაშვილი – მებრძოლი (საჩხერე), გიორგი ზარქუა – მშვიდობიანი მოქალაქე (ფოთი).
სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 12:00-15:00 საათამდე გაიმართება. 16:00 საათზე კი მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით, 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომლის მუშაობაშიც დევნილთა და განსახლების სამინისტროა ჩართული. საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში, 11 ქართულ-აფხაზური შეხვედრა გაიმართა.
მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, 2013 წლიდან მთლიანობაში 148 ადამიანია იდენტიფიცირებული, 109 ქართული მხარის, 39 კი აფხაზური მხარის მებრძოლი.
„177 ადამიანი ექსჰუმირებულია და მათი იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. 2400-ზე მეტი ადამიანია დაკარგული მთლიანობაში ორივე მხრიდან. ეს პროცესი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მართლაც დაუღალავი მუშაობა და რომ არა აფხაზური მხარის ძალიან კონსტრუქციული მიდგომა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ამოვდივართ ერთი მიზნიდან – აქ პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ თავიანთი შვილების, თავიანთი მშობლების საფლავზე მისვლა, იცოდნენ ეს ადამიანები სად არიან დამარხული“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.