„დღევანდელი წითელი ბარათი იქნება შეხსენება, რომ ნებისმიერი ხელისუფლება, რომელიც მოდის დაპირებებით, ვალდებულია შეასრულოს დაპირებები, სხვა შემთხვევაში მას ხალხი გადაირჩევს. გამარჯვებას წინ არაფერი უდგას, ყველა მონაცემით ვლიდერობთ და შესაბამისად, მოვემზადებით იმისთვის, რომ ის წინასაარჩევნო გეგმა, რაც გავაცანი ვანელებს და ხონელებს, განვახორციელოთ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანი, სადაც 48 054 ამომრჩეველია რეგისტრირებული, 08:00 საათზე გაიხსნა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 11:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 10 %-ია.
პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის ექვსი კანდიდატი მონაწილეობს: გიორგი უგულავა, N2 – „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“; გიორგი ლილუაშვილი, N17 – „საქართველო“; ზურაბ ქართველიშვილი, N21 – „ტრადიციონალისტები“; მამუკა ტუსკაძე, N23 – „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“; გივი ჭიჭინაძე, N41 -„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“; ვასილ კოპალიანი, N42 – საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა).
„ევროპული საქართველოს“ დაკვეთით ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში გიგი უგულავა ლიდერობს. მას გამოკითხულთა 41.4% უჭერს მხარს, „ქართული ოცნების“ კანდიდატ გივი ჭიჭინაძეს კი - 32.1%.