მესტიის (ზემო სვანეთი) რაიონულ სამმართველოს ლაშა ბაკურაძე უხელმძღვანელებს. შსს-ს ინფორმაციით, ბაკურაძეს შინაგან საქმეთ სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ბოლოს იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლად მუშაობდა.
სამმართველოს უფროს მოადგილედ დაინიშნენ: ზაზა ელბაქიძე და ზურაბ ლომიტაშვილი. სვანეთის რეგიონში ახალი ხელმძღვანელები ეყოლება უბნის ინსპექტორთა განყოფილებას, ასევე ხაიშის, ბეჩოს და იფარის პოლიციის განყოფილებებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით საპატრულო პოლიციის სამოქმედო არეალი გაიზარდა. 30 აპრილიდან, დაბა მესტიაში საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი 24 საათის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების უსაფრთხოებას დაიცავს.
სამინისტროს განმარტებით, მესტიის პოლიციის სამმართველოში საკადრო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურული და საკადრო ოპტიმიზაციის/რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. ცვლილებების მიზანია მოქალაქეებზე და ქვეყნის უსაფრთხოებაზე საპოლიციო-ოპერატიული მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის მარტის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორიც შეცვალა. ამ თანამდებობაზე პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი ნიკოლოზ დიასამიძე, მის მოადგილედ კი პოლიციის პოლკოვნიკი ირაკლი ჯიქია დანიშნა.