„საქართველოს მოქალაქის მიმართ გამამართლებელი განაჩენი მიიღეს. შესაბამისი პროცედურების შემდეგ, უახლოეს დღეებში ის საქართველოში დაბრუნდება“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.
55 წლის სოსლან კაკაბაძე ბათუმიდანაა. ის სანავთობო ტანკერ Sovereign M-ზე მზარეულად მუშაობდა. ტანკერი 2015 წლის 24 აგვისტოს ლიბიის ქალაქ საბრათას პორტთან ადგილობრივმა დაჯგუფებამ დააკავა. ლიბიური მხარე ტანკერს კონტრაბანდული ნავთობის გადაზიდვას ედავებოდა.
ლიბიის ციხეში საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე რჩება. მათი სასამართლო პროცესი 20 მაისისთვის არის ჩანიშნული.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეგვიპტეში საქართველოს ელჩი ალექსანდრე ნალბანდოვი ლიბიაში იმყოფება. მან დაკავებული ქართველი მეზღვაურები მოინახულა და ლიბიის საგარეო უწყების წარმომადგენლებს ხვდება.