weather cur horoscope tv
ივნისი 28, 2022

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

16:41 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

შიდა ქართლში, ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მონაკვეთის მშენებლობაზე დასაქმებული 80-მდე მუშა გაიფიცა. ისინი დამსაქმებელი ჩინური კომპანია „სინოჰიდროსგან“ ხელშეკრულების გაფორმებას, ხელფასის მომატებას და დასვენების დღეს ითხოვენ. მუშები დამსაქმებლების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზეც საუბრობენ.

გზის მშენებლობა მეორე დღეა შეჩერებულია. მუშები ამობენ, რომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ კომპანია მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს. 

„დასვნება არ გვაქვს. თუ დავისვენებთ, იმ დღის ხელფასი არ გვერიცხება. ღამის ცვლაზე დასაქმებულებს უფრო მეტი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, ხელფასი უნდა მოემატოთ დღის განმავლობაში მომუშავეებსაც“, - აღნიშნა ერთ-ერთმა გაფიცულმა, ვაჟა ურიადმყოფელმა.

„ხელფასები მოგვიმატონ, ერთი დღე დაგვასვენონ და ის დღე აგვინაზღაურონ. ვითხოვთ დაზღვევასაც. საჭმელ-სასმელი სახლებიდან მოგვაქვს, რამეს იტყვი და უხეშად მოგმართავენ, ერთ ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ხელით მეც შემეხნენ“, - ამბობს ლევან ნასყიდაშვილი „რუსთავი 2“-თან.

დასაქმებულების პროტესტს გამოეხმაურა „სინოჰიდროს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი წურწუმია. მისი თქმით, შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს გამოიკვლევენ.

„დასაქმებულებს კონტრაქტებთან დაკავშირებით ჰქონდათ პრობლემა. ეს ყველაფერი რომ დალაგდება, კონტრაქტებს ყველას დავურიგებთ, ყველას ეცოდინება თავისი პირობა. ჩხუბს რაც შეეხება, სიტუაციას გავარკვევთ და დამნაშავე კომპანიის მიერ მაქსიმალურად დაისჯება არ აქვს მნიშვნელობა ჩინელის მხრიდან იყო ხელი მოხვედრილი თუ ქართველის მხრიდან“, - აღნიშნა გიორგი წურწუმიამ.

ჩქაროსნული მაგისტრალის ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის ერთდროულად ორი მონაკვეთის მშენებლობა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის სექტემბერში დააანონსა.

„სინოჰიდრო“ ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის პირველ ლოტს აშენებს, ხოლო მეორე ლოტს იტალიური კომპანია ASTALDI S.P.A. საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და „სინოჰიდროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების ღირებულება 133 530 690 ლარია, ხოლო ASTALDI S.P.A-თან დადებული ხელშეკრულებისა - 353 729 415 ლარი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის სიგრძე მთლიანობაში 15 კმ-მდეა და რიკოთის საუღელტეხილო გვირაბამდე მიდის. გზა ჩრდილოეთიდან გვერდს აუვლის ხაშურს, სურამს, ჩუმათელეთს და გამოვა რიკოთის გვირაბთან.

პროექტის ფარგლებში უნდა აშენდეს 4-ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზა, 21 ხიდი, 5 გვირაბი, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელები, წყალგამტარი მილები და სადრენაჟე სისტემები.

მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2020 წელს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]