weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

დღეიდან შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა

14:11 სამშაბათი, 01 მაისი 2018

დღეიდან ძალაში შევიდა კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“, რომლის საფუძველზეც შენობა-ნაგებობების უმეტესობაში თამბაქოს მოწევა აიკრძალა.

თამბაქოს მოწევა აიკრძალა საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა ტაქსისა და კატერისა); საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების, ბიბლიოთეკების, 18-წლამდე ასაკის პირებისათვის განკუთვნილი დაწესებულებების შენობა-ნაგებობების ტერიტორიებზე; სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე; ბენზინგასამართი, გაზგასამართი და გაზგამანაწილებელი სადგურების, აგრეთვე იმ დაწესებულებათა შენობა-ნაგებობებში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე, სადაც ცეცხლსაშიში ნივთიერებები ინახება. თამბაქოს მოწევა აკრძალული იქნება სტადიონზეც, რომელსაც ჰყავს ადმინისტრაცია.

„თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, რომლის ნაწილი ძალაში 1-ელი მაისიდან შევიდა, თამბაქოს მოწევა ნებადართულია შემდეგ შენობა-ნაგებობებში: ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილას, თამბაქოს კვამლის შემსწავლელ სპეციალიზებულ ლაბორატორიულ დანადგარში, პენიტენციურ დაწესებულებაში, ნებართვის საფუძველზე მოწყობილ სიგარაბარებში, სამორინეში, აეროპორტის სატრანზიტო ზონასა და წინასწარი დაკავების იზოლატორში.

ამასთან, სტაციონარული ფსიქიატრიული და პალიატიური მკურნალობისთვის განკუთვნილ დაწესებულებებში თამბაქოს მოწევა ნებადართული იქნება შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით დადგენილი წესით, ზოგიერთი მხარდაჭერის მიმღები ან მძიმედ ავადმყოფი პაციენტისთვის, სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას, რომელიც სრულად (კედლებით) უნდა იყოს გამიჯნული დაწესებულების სხვა ნაწილისგან და უნდა ჰქონდეს ვენტილაცია ან ღია სივრცეში გამავალი ფანჯარა. ასეთი პაციენტისთვის თამბაქოს მოწევა, აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის სპეციალური ბრძანებით, დასაშვებია პალატაშიც, თუ ის იზოლირებულია სხვა პაციენტებისგან.

აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება.

ნებისმიერი იურიდიული პირი, ორგანიზაციული წარმონაქმნი, მეწარმე სუბიექტი, საჯარო დაწესებულება, მათ შორის, სახელმწიფო ორგანო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, იმ შენობა-ნაგებობაში ან ტერიტორიაზე, სადაც ის საქმიანობს, თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვა უზრუნველყოს.

დაწესებულებამ არ უნდა დაუშვას შენობა-ნაგებობაში თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება.

სავალდებულო ხდება შენობის ტერიტორიაზე - ყველა შესასვლელსა და სხვა თვალსაჩინო ადგილზე თამბაქოს მოწევის აკრძალვა/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების განთავსება, შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის თაობაზე.

გარდა ამისა, უნდა განთავსდეს იმ ფიზიკური პირის და დაწესებულების საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და სხვა ინფორმაცია, რომელთან დაკავშირებაც იქნება შესაძლებელი თამბაქოს მოხმარების აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დარღვევის შემთხვევაში.

თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული წესების დაუმტკიცებლობაზე და შენობა-ნაგებობების ტერიტორიაზე ამკრძალავი წესების განუთავსებლობაზე დაწესებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო აღნიშნული ქმედების განმეორება - 1 000 ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, ფიზიკური პირის მიერ თამბაქოს მოწევა მრავალბინიანი სახლის იმ ნაწილში, რომელიც საერთო ქონებაა (ვესტიბიული, სადარბაზო, დერეფანი, კიბის უჯრედი, სარდაფი, სხვენი, სახურავი, ლიფტი და სხვა) – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენა - დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ სატრანსპორტო საშუალებაში მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობა და თამბაქოს მოწევის აღუკვეთელობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში - 1 000 ლარის ოდენობით.

ფიზიკური პირის მიერ საზღვაო და საჰაერო საზოგადოებრივ ტრანსპორტში (გარდა კატერისა) თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში – დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

ასევე, ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის საზოგადოებრივ ტრანსპორტში თამბაქოს მოწევა გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით და ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 100 ლარის ოდენობით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]