კვლევის თანახმად, საქართველოში გარემოსდაცვით ზედამხედველობაზე, დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებასა და მართვაზე, სატყეო სისტემის ჩამოყალიბებასა და მართვაზე 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ჯამური თანხა 16,5 მილიონით ნაკლებია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ ბიუჯეტზე.
2018 წელს სახელმწიფოს მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა, უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა საზოგადოებრივი მაუწყებლის შენახვაზე თითქმის 5 მილიონით ნაკლები უჯდება.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა 26-ჯერ აღემატება ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური მომსახურებისთვის გამოყოფილ თანხებს.
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა გაცილებით დიდია, ვიდრე სასწრაფო, გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირებისთვის, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებისთვის, სამეცნიერო კვლევისა და სამხედრო მრეწველობის განვითარებისთვის, სურსათის უვნებლობის, მცენარეთა დაცვისა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისთვის, პროფესიული განათლებისა და პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხები.
2018 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და სამუზეუმო სისტემის სრულყოფისთვის, აგრეთვე, კულტურასა და სპორტში ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერისთვის ერთობლივად გამოყოფილი თანხა 10 მილიონით ნაკლებია საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაზე.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 29 მუნიციპალიტეტისთვის გადასაცემი ტრანსფერი საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სახელმწიფოდან გამოყოფილ თანხაზე ნაკლებია.
გასული, 2017 წლის მონაცემებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის შემოსავალი ყველა სხვა მაუწყებელზე მეტია და 42 322 355 ლარს შეადგენს. შემოსავლების მხრივ, მის შემდგომ ადგილს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ იკავებს, რომელშიც ერთიანდება 3 არხის _ „რუსთავი 2“-ის, „კომედი არხისა“ და „მარაოს“ შემოსავლები. მას მოსდევს შპს „ტელეიმედი“ - 26 857 718 ლარით და GDS- 18 877 088 ლარით.
„თი-ვი ემ-არ საქართველოს“ მონაცემებით, საშუალო წლიური რეიტინგით, +18 სამიზნე აუდიტორიაში პირველ ადგილს შემოსავლების მხრივ მესამე ადგილზე მყოფი „იმედი“ იკავებს. მას მოსდევს შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის ერთი არხი „რუსთავი 2“, რომელსაც მოჰყვება GDS და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის მეორე არხი - „კომედი არხი“. მხოლოდ ამის შემდეგ მოდის საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის აუდიტორიის წილი 3,63%-ია, ხოლო საშუალო წლიური რეიტინგი - 0.68%.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის გამოყოფილი თანხა, ხშირ შემთხვევაში, სხვა დაწესებულებებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზე გაცილებით მეტია, მისი არსებობა ქვეყნისთვის აუცილებელია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი დანიშნულება ის არის, რომ მაყურებელს მიაწოდოს კომერციულად არამომგებიანი ინფორმაციაც და გაითვალისწინოს ყველა საზოგადოებრივი ჯგუფის ინტერესები.
საიას მიაჩნია, რომ განხილული ხარვეზების გამოსასწორებლად, აუცილებელია, სამეურვეო საბჭომ სრულყოფილად დაჯეროვნად შეასრულოს მასზე დაკისრებული ფუნქცია-მოვალეობები, საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა კი, იმოქმედოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. პარლამენტმა კი ეფექტურად განახორციელოს ზედამხედველობა საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობაზე.