ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ მუზეუმის ეზოში ქანდაკება 2018 წლის თებერვალში დადგა. მის დასამზადებლად 20 ათას ლარამდე დაიხარჯა. თავად ქანდაკება ძველი წელთაღრიცხვის VII-VIII საუკუნეებით დათარიღებული ბრინჯაოს ნაკეთობის ასლია. სკულპტურა წარმოადგენს მხედარ ქალ-ღვთაებას, რომელსაც ერთ მხარეს ბავშვი ჰყავს ჩახუტებული, ცისკენ აღმართულ ხელში კი თასი უჭირავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქანდაკების დაზიანების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.