„აიისას“ დამფუძნებელ ანა გაჩეჩილაძის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა „ქართული იდეის“ განცხადების საფუძველზე შეადგინა და განსახილველად საქალაქო სასამართლოს მიმართა. მერია მიიჩნევდა, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია [ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივი] არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.
სასამართლოში ანა გაჩეჩილაძის ინტერესებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) იცავდა. ორგანიზაციის განცხადებით, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილი ოქმი იყო დაუსაბუთებელი და ვიზუალური მასალის არაეთიკურობასთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენლის პოზიცია ეფუძნება აბსტრაქტულ შეფასებებს და მის სუბიექტურ წარმოდგენებს რელიგიის, მორალისა და ზნეობის შესახებ.
„გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არაფერი გააჩნია საერთო არც ადამიანის უფლებებთან, არც სამართალთან. ეს არის დაბრუნება შუასაუკუნეების ინკვიზიციაში, რომელსაც სახელმწიფოს სახელით გვამცნობს თბილისის საქალაქო სასამართლო. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები ნელ-ნელა იქცევა ფარატინა ქაღალდად და ბატონობას იწყებს უმრავლესობის ან საზოგადოების ნაწილის ნება მორალის ზნეობის და ღირსების სახელით. გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, ამაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ყოფილა“, - განაცხადა GDI-ის იურისტმა გიორგი მშვენიერაძემ.
„აიისა“ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.