weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

13:42 პარასკევი, 04 მაისი 2018

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები მესამე დღეა გაფიცულები არიან. 30-მდე დასაქმებული დღიური სამუშაო დროის 12 საათამდე გაზრდას და დაბალ ანაზღაურებას აპროტესტებს.

გაფიცული მუშები საცხოვრებელ კოტეჯებს აშენებენ. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, მათი ხელფასი 500- დან 750 ლარამდე მერყეობს. დასაქმებულები ამბობენ, რომ თურქულმა კომპანია „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთმა“ ხელშეკრულება დაარღვია და სამუშაო საათები მათთან შეთანხმების გარეშე გაზარდა, ხელფასი კი უცვლელი დატოვა.

მუშების თქმით, კომპანიის წარმომადგენლები მოლაპარაკებაზე უარს აცხადებენ. „გვეუბნებიან, რომ თუ ანაზღაურება და სამუშაო პირობები არ მოგვწონს, სამსახურიდან წავიდეთ. ჩვენ კი სხვაგან წასასვლელი არ გვაქვს. ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა“, - ციტირებს „აჭარის ტელევიზია“ აქციის მონაწილის კომენტარს.

„ვინაიდან ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტი და მას საერთაშორისო ინსტიტუტები აფინანსებენ, მკაცრად უნდა იყოს განსაზღვრული დასაქმებულების უფლებები და შრომის ანაზღაურება შესაბამისობაში უნდა იყოს მათ სამუშაო საათებთან, რაც არ სრულდება. ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას, კერძოდ, საგზაო დეპარტამენტს - რატომ ხდება, რომ ამ პროექტში დასაქმებული ადამიანები ხშირად გამოდიან პროტესტით“, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა თამაზ ბაკურიძემ.

თურქულ კომპანიაში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტები. მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო. პროექტს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში აშენდება 2-ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ახალი შემოვლითი გზა გაივლის მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]