weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თეთრიწყაროში ბნელი ხევის ეკლესიას ძეგლის სტატუსი მიენიჭა

10:15 შაბათი, 05 მაისი 2018

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარე VIII-IX საუკუნეების ე.წ. ბნელი ხევის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეკლესიის ნანგრევი, რომელსაც მდინარე ხრამის მარცხენა მხარეს არსებული ბნელი ხევის სიახლოვის გამო, ბნელი ხევის ეკლესია უწოდეს, ფიტარეთის მონასტრიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3,5 კილომეტრში მდებარეობს.

„ამ ეკლესიის თუ მცირე მონასტრის შესახებ ცნობები არც ისტორიულ წყაროებში, არც სამეცნიერო ლიტერატურაში მოიპოვება და ადგილობრივი მოსახლეობისთვისაც უცნობია მისი სახელი.

ეკლესია თავისი სამხრეთი მინაშენი-კარიბჭით ძლიერაა დანგრეული, ირგვლივ მიმობნეულია არქიტექტურული დეტალები, ძველი სტელების ფრაგმენტები; ეს მასალა ადგილზევეა დაცული და მათი დიდი ნაწილი მიწითაა დაფარული.

კლდის ნამტვრევი ქვის, თანაბარი რიგების წყობით ნაგები დარბაზული ეკლესიის (ზომები: 8,40 X 5,00 მ) გამორჩეულ ხუროთმოძღვრულ ელემენტს წარმოადგენს ნახევარწრიულად შვერილი აფსიდა. შენობას აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში ორი – ფართე, პარალელურგვერდებიანი სარკმელი აქვს;

კარი სამხრეთ კედელშია გაჭრილი, მას სუფთად ნათალი ქვის სწორკუთხა, გრძელი არქიტრავი (ზომები: 2,60 X 0,65 მ) ადევს. ეკლესიის აფსიდის მოხაზულობას მცირე ნალისებურობა აღენიშნება, მის სამხრეთ ნაწილში სწორკუთხა ნიშაა გამოყვანილი; შემორჩენილი კონქის თაღი უხეიროდაა ნაგები და ზემოდან დაბრტყელებულ რკალს შემოწერს.

ეკლესია შიგნიდან შელესილი იყო, საკურთხევლის აფსიდში ნალესობაზე შეიმჩნევა მლოცველების ამოკაწრული ასომთავრული და მხედრული მინაწერები. გარედან, სამხრეთი სარკმლის ორსავ მხარეს, კედლის წყობაში ჩაშენებულია, ადრე შუა საუკუნეების (VI ს.) ორი სტელის დამაგვირგვინებელი მუქი წითელი ფერის ქვის ორი დეტალი – ე.წ. „უფლის საფლავის“ თუ „სიონის“ ჭვირული, დეკორირებული მოდელი.

აღმოსავლეთით მდებარე მოდელს – ნიამორის რელიეფური გამოსახულება ამშვენებს. შენობა ბრტყელი და ღარიანი კრამიტით იყო გადახურული – კარნიზი, რომლის ფრაგმენტები ეკლესიის ირგვლივაა მიმობნეული კბილანებით გაფორმებული თაროს ფორმისაა. კარნიზის ერთი მონაკვეთი ჯერ კიდევ შემორჩენილია ჩრდილოეთ კედელზე. ეკლესია სავარაუდოდ VIII-IX საუკუნეებშია ნაგები და გარკვეულ სიახლოვეს ამჟღავნებს ნაგზაურის N3 და N4 სამლოცველოებსა და ზურტაკეტში არსებულ შვერილაფსიდიან ეკლესიებთან.

„ბნელი ხევის ეკლესიას“ სავარაუდოდ XIII საუკუნეში, სამხრეთიდან მიაშენეს დასავლეთიდან – აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული, ორკალთად გადახურული, სწორკუთხა გეგმის კარიბჭე (ზომები: 6,30 X 4,30 მ), რომელიც სიგრძით ეკლესიის შვერილი აფსიდის დასაწყისამდე ვრცელდება.

კარიბჭე, სხვადასხვა ზომის რუხი ნათალი ქვითაა ნაგები, მისი კამარა ჩრდილოეთით, ეკლესიის კედელზე მიდგმულ მზიდ თაღებს ეყრდნობოდა. აღმოსავლეთ კედელში სარკმელია გაჭრილი; როგორც ეკლესიის ასევე კარიბჭის კედლებში ჩაშენებულია ადრეული შუა საუკუნეების ბრტყელი სტელები (საფლავის ქვები ?), რომლებზეც წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვრებია ამოკვეთილი. კარიბჭეს პროფილირებული კარნიზი ჰქონდა (ლილვი + წრეთარგი + თარო), კუთხის კარნიზის ფრაგმენტი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დევს.

ეკლესიასა და კარიბჭეს შორის, წვიმის წყლის სადინარი ქვაში ნათალი ღარები იყო დამონტაჟებული.

კარიბჭის კამარისა და სამხრეთ კედლის ნანგრევის ნაწილი სამხრეთითაა დაგროვილი, რაც მიწისძვრის ძლიერი ბიძგით უნდა იყოს გამოწვეული, ნაწილობრივ გადაქცეულია ასევე ეკლესიის ჩრდილოეთი კედელიც, კამარის ნანგრევი კი ეკლესიაშივე ყრია.

ეკლესიის ირგვლივ მიმოფანტულია ადრეული შუა საუკუნეების სტელათა დეკორირებული ფრაგმენტები, მათი ნაწილი მუქი წითელი ფერისაა და სტილით დმანისის მუნიციპალიტეტში, ნაგზაურის კომპლექსის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილ სტელათა ფრაგმენტებს მოგვაგონებს.

ეკლესიის ჩდილოეთით შენობის, სამხრეთით კი გალავნის კვალი იკითხება, რაც მიგვანიშნებს, რომ აქ მცირე მონასტერი ფუნქციონირებდა“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]