ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის ასევე შეიზღუდება მოძრაობა თიანეთი-ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-ე კმ-დან 118-ე კმ-მდე. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება შემოვლით გზაზე - გურჯაანი-აფენი-კაბალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციამ მარათონის მონაწილეთა და სტუმრების ავტომანქანების პარკირებისთვის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეციალური ადგილი გამოყო.
ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიება - მსოფლიო რბენა, საქართველოში წელს უკვე მეხუთედ გაიმართება. ღონისძიება 15:00 საათზე დაიწყება. მონაწილეობის ღირებულება 30 ლარია. ღონისძიებიდან შემოსული თანხა სრულად გადაერიცხება Wings for Life-ის ფონდს, რომელიც ახორციელებს სამედიცინო და კლინიკურ კვლევებს ზურგის ტვინის დაზიანების სამკურნალოდ.
წლევანდელი მსოფლიო რბენის ორივე გამარჯვებული (ერთი ქალი და ერთი მამაკაცი) თავად აირჩევენ, მსოფლიოს რომელ ქვეყანაში ირბენენ 2019 წელს, გლობალური ჩემპიონები კი საჩუქრის სახით, რბენაში მოსამზადებელ სპეციალურ ოთხკვირიან კურსს გაივლიან.
წელს საქართველოში ირბენენ: საქართველოს გამარჯვებული გიორგი შეკრელიძე (35.43კმ), გერმანიის გამარჯვებული სებასტიან ჰალმანი (68.47კმ), თურქეთის გამარჯვებული ვეისი ასლანი (57.51კმ), პოლონეთის გამარჯვებული იოანა ზაკჟევსკი (52.26კმ) და 2016 წლის კახეთის გამარჯვებული იანა ხმელევა (34.95კმ).