შს სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ნარკოტიკების შეძენის მსურველები ბრალდებულებს ერთ-ერთი ონლაინ აპლიკაციის გამოყენებით უკავშირდებოდნენ. სასურველი ტიპის და ოდენობის ნარკოტიკის შეკვეთის შემდეგ, მყიდველი ბრალდებულებისგან იღებდა შეტყობინებას, სადაც მითითებული იყო ანგარიშის ნომერი და თანხის ოდენობა. ანგარიშზე თანხის ასახვის შემდეგ, ნარკოტიკის შეძენის მსურველებს იმავე აპლიკაციის მეშვეობით ეგზავნებოდათ ფოტოშეტყობინება, შეძენილი ნარკოტიკის ადგილმდებარეობისა და მისამართის მითითებით.
„გამოძიებამ დაადგინა ეს ადგილები, ნარკოტიკების ე.წ. სამალავები, რომლებიც თბილისის სხვადასხვა უბანში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში იყო მოწყობილი. მიმდინარე წლის 7 მაისს, აღნიშნული კომპლექსური საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ორივე ბრალდებული ნარკოტიკების გასაღების ბრალდებით იქნა დაკავებული.
პოლიციამ, ქალბატონის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, სამალავებში დასატოვებლად გამზადებული 43 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგად კი - ე.წ. სამალავებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.