„რამდენიმე სახლზე გათვალისწინებულია ავარიული ნაწილების გამაგრებითი სამუშაოც. იშვიათი არქიტექტურის ხის აივნიან სახლებს იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი აჟურული მორთულობები და ქანობიანი სახურავები აქვს. ისტორიული სახლების რეაბილიტაცია 2019 წლის შემოდგომაზე დასრულდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა ტენდერი აკადემიკოს ევგენი ხარაძის სახელობის ნაციონალური ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციაზე. პროექტი მოიცავს დიდი ტელესკოპის AZT-11-ის შენობის სრულ რეაბილიტაციას, სადაც განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი, კაფე, მოეწყობა საგამოფენო და სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ, დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.
აბასთუმნის ობსერვატორია 1932 წელს ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორიაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევების ძირითადი მიმართულებებია გალაქტიკების, ვარსკვლავების, მზის სისტემების ცდომილების და ზედა ატმოსფეროს შესწავლა. ობსერვატორიას წელიწადში, დაახლოებით, 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. დღევანდელი მდგომარეობით, ადგილზე 125 ადამიანია დასაქმებული.