როგორც „რეგინფოს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ნანა ახალმოსულიშვილმა განუცხადა, კრიტიკული დარღვევები გამოვლინდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში, ჩაილურის და კაკაბეთის N1 საბავშვო ბაღებში, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებში - აწყურში, ფიჩხოვანსა და ქვემო ალვნის მე-2 საბავშვო ბაღში.
„სამზარეულოებში არაეფექტური ვენტილაციის გამო ხდებოდა კელდების და ჭერის დაზიანება, ობის წარმოქმნა და ნაწილაკების ცვენა, როგორც ჭერიდან ასევე კედლებიდან, რა დროსაც მაღალია ალბათობა, რომ ნაწილაკები საკვებში ჩავარდეს. ეს კრიტიკული დარღვევაა. ხუთივე საბავშვო ბაღის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ათას-ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ვიდრე მუნიციპალიტეტი დარღვევებს არ გამოასწორებს, საბავშვო ბაღები არ გაიხსნება. სხვა საბავშვო ბაღებიც შევამოწმეთ, გამოვლინდა დარღვევები, თუმცა არ იყო კრიტიკული და მიეცათ მითითება და გარკვეული დრო გამოსასწორებლად“, - აღნიშნა ნანა ახალმოსულიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღები გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც დახურა. მერიამ სარემონტო სამუშაოები სასწრაფოდ ჩაატარა და ბაღებმა მუშაობა უკვე განაახლეს.