პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ო.მ-მ მისი ნაცნობები ფ.ვ. და ნ.კ დაარწმუნა, თითქოს იგი ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა საპატრულო პოლიციის რეგიონალური სამმართველოს ხელმძღვანელ თანამდებობის პირებთან და საოლქო პროკურატურის პროკურორთან. ამის შემდეგ ის ფ.ვ.-ს და ნ.კ.-ს დაპირდა, რომ საპატრულო პოლიციის საჯარიმო ავტოსადგომიდან გამოიყვანდა და მათ დაუბრუნებდა ნ.კ.-ს ნათესავების კუთვნილ ავტომანქანებს, რის სანაცვლოდ, თითქოსდა თანამდებობის პირებისთვის გადასაცემად თაღლითური გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ნ.კ.-ს კუთვნილ ფულად თანხებს 6 400 აშშ დოლარისა და 4 000 ლარის ოდენობით.
ო.მ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 21 მაისს დააკავეს. პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.