weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ილიას ტბაზე სცენის ჩატეხვის გამო ფესტივალის მონაწილეები დაშავდნენ

16:10 სამშაბათი, 22 მაისი 2018

ყვარელში, ილიას ტბაზე „ფოლკლორის ანსამბლების მე-4 რესპუბლიკური ფესტივალის“ ფარგლებში ცეკვის დროს სცენა ჩატყდა. რამდენიმე ბავშვმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, რის გამოც ანსამბლის ხელმძღვანელმა საცეკვაო ნომერი გააუქმა.

„თბილისიდან ჩამოსულმა ანსამბლმა მომხდარის გამო ცეკვის გაგრძელებაზე უარი თქვა. ბავშვი ტიროდა და ეტყობოდა, რომ ერთი ფეხი დალურჯებული ჰქონდა. ფიცრებს შორის ფეხი კიდევ ერთ გოგონას ჩაუვარდა. ერთმა ფეხსაცმელი დაკარგა. ცეკვა ფეხშიშველმა გააგრძელა. მშობლები თავზე ვედექით, რომ კიდევ ვინმე არ ჩავარდნილიყო“, - უთხრა „რეგინფოს“ ერთ-ერთი მოცეკვავის დედამ.

ილიას ტბაზე ამფითეატრის სცენა რომ გაუმართავია, ამას ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრის დირექტორი დიმიტრი სოლომნიშვილიც ადასტურებს. ილიას ტბის დასასვენებელ კომპლექსს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული ეს ორგანიზაცია მართავს.

დიმიტრი სოლომნიშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას ფესტივალის ორგანიზატორებს აკისრებს. მისი თქმით, ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს, რაც იმითაც დასტურდება, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება საჭირო არ გამხდარა.

„უკვე მეოთხე წელია, რაც ეს ფესტივალი ილიას ტბაზე ტარდება. ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს კულტურის განვითარებისა და აღორძინების ცენტრია“. წელს დაახლოებით 1400-მდე ადამიანი მონაწილეობდა მთელი საქართველოდან. სცენა უსასყიდლოდ დავუთმეთ. იქიდან გამომდინარე, რომ 7 წელი გავიდა და შეკეთება სჭირდება, სცენას არ ვაქირავებთ. დათვალიერების დროს ორგანიზატორებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ“, - ამბობს დიმიტრი სოლომნიშვილი.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია ტენდერს გამოაცხადებს, რის შემდეგაც ამფითეატრის სცენას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

ყვარლის კულტურული მემკვიდრეობის, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და დასასვენებელი ობიექტების დაცვისა და განვითარების ცენტრი მუნიციპალური ბიუჯეტიდან 150 ათასი ლარით ფინანსდება. გარდა ამისა, ილიას ტბის დასასვენებელ კომპლექსს საკუთარი შემოსავალიც აქვს.

ილიას ტბა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 18 ნოემბერს გახსნა. ტბას გარშემო 4 კილომეტრიანი ველობილიკი აკრავს. მოწყობილია ტრენაჟორები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები. ილიას ტბაზე ინფრასტრუქტურის ნაწილი უკვე რამდენიმე წელია მნიშვნელოვნად არის დაზიანებული. ზაფხულობით ილიას ტბას სტუმრები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტიდან სტუმრობენ. ილიას ტბა მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ერთადერთი ასეთი კომპლექსია, რომელიც ყველასთვის არის ხელმისაწვდომი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]