„ჩვენი პოზიცია ძალიან მარტივია. რამდენჯერმე გავაკეთეთ ახსნა-განმარტებითი განცხადება.
ამ ეტაპზე არც კომპანიას და არც დედაქალაქის მერიას არა აქვს არანაირი შესაძლებლობა, რომ ხელფასები, რომელიც 1400-დან 2000 ლარამდე მერყეობს, 45%-ით გავზარდოთ. ეს არის გამორიცხული და შეუძლებელი, მაშინ როდესაც უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე გვყავს ადამიანები დასაქმებული, რომლებიც იღებენ 400, 600, 700 და 800 ლარს.
თუმცა, თუ მეკითხებით, ხელფასი, რასაც იღებენ, არა მხოლოდ მეტროს მემანქანეებზე მაქვს საუბარი, ზოგადად, არ არის საკმარისი“, - უთხრა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისივე თქმით, მეტროს მემანქანეები ულტიმატუმის ენით ესაუბრებიან 400 ათას მოქალაქეს, რომლებიც მეტროთი ყოველდღიურად გადაადგილდებიან. კალაძე ამბობს, რომ მერია კანონის შესაბამისად იმოქმედებს და მემანქანეების მოთხოვნას გაფიცვის თაობაზე, სასამართლოში გაასაჩივრებს.
„გაფიცვასაც თავისი წესები აქვს. ვაპირებთ მათი მოთხოვნა სასამართლოში გავასაჩივროთ, რადგან ნამდვილად არასწორი მოთხოვნებია მათი მხრიდან წამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ახსნა- განმარტებები იქნა გაკეთებული, ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი არ დაემორჩილებიან სასამართლოს გადაწყვეტილებას, ამიტომ, ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში“, - აღნიშნა კალაძემ.
მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა პირველად 3 მაისისთვის დაანონსეს, თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილებით ის ერთი თვით გადავადდა. გაფიცვის დაწყების ახალ თარიღად 3 ივნისი გამოცხადდა, თუმცა, ამჯერად, სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვა „სამუშაო საათებში“. მეტროს მემანქანეების დამოუკიდებელ პროფკავშირი „ერთობა 2013“ აცხადებს, რომ 3 მაისს მემანქანეები მაინც გაიფიცებიან, სასამართლოს გადაწყვეტილებას კი გაასაჩივრებენ.
„ერთობა 2013“-სა და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. „ერთობა 2013“-ის წევრების თქმით, მემანქანეები შრომის ანაზღაურებას საათობრივად იღებენ, რაც 6,92 ლარის შეადგენს. ისინი ამ თანხის 10 ლარამდე გაზრდას უკვე ორი წელია ითხოვენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განმარტებით, 2013 წლიდან 2017 წლამდე მემანქანეების ხელფასი მუდმივად იზრდებოდა და დღეის მდგომარეობით, მემანქანე ინსტრუქტორის შრომის ანაზღაურება თვეში 2 158 ლარია, ხოლო ხაზის მემანქანისა - 1 827. კომპანიის განცხადებით, დასაქმებულთა ცალკეული ჯგუფისთვის ანაზღაურების გაზრდა არ განიხილება.