weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მოვუწოდებთ სამღვდელოებას, შეწყვიტოს ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2“-თან – საპატრიარქო

17:42 ხუთშაბათი, 24 მაისი 2018

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და სამღვდელოებას მოუწოდებს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ყოველგვარი ურთიერთობა შეწყვიტოს, მრევლს კი მიმართავს, პროვოკაციებს არ აჰყვეს. 

საპატრიარქოს განცხადებით, 17 მაისის შემდეგ „რუსთავი 2“ და სხვა ძალები, რომლებიც „ეკლესიას კარგა ხანია უპირისპირდებიან, ახალი სიმწვავით იწყებენ რევანშისტული ქმედებების განხორციელებას, რაც ჯერჯერობით ყველაზე მკვეთრად „რუსთავი 2“-მა გამოხატა“.

„ამ ქმედებების სულისკვეთება ერთია – სურთ ჩვენი საზოგადოება წარმოაჩინონ თავისუფალი აზროვნების მოწინააღმდეგედ; ამასთან, „თავისუფლებაში“ ისინი უზნეობის და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფის უფლებას გულისხმობენ, ხოლო ჩვენი ეკლესია – პრორუსულ ძალად. ვფიქრობთ, მათ არ ესმით, რომ ეკლესია ქრისტეს სხეულია და იგი არ შეიძლება იყოს პოლიტიკასთან დაკავშირებული, არც პრორუსულთან და არც – პროდასავლურთან. გადაცემები კი იმდენად ცინიკური და უტიფარია, რომ ხალხის საერთო აღშფოთებას და ქვეყანაში დაძაბულობას იწვევს.

თვალში საცემია ის ფაქტიც, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება ძირითადად მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი მრევლისადმი ვლინდება. შერჩევითი სამართლით მოქმედი უმეტესი ნაწილი უფლებადამცველთა და არასამთავრობო სექტორისა კი ასეთ სერიოზულ ფაქტებზე დუმილს არჩევენ. არც ხელისუფლებას აქვს სათანადო კანონები და სტრატეგია შემუშავებული, რაც საერთო დაუცველობისა და უსამართლობის მკვეთრ განცდას ბადებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრისა და ღვთისმშობლის კვართის მცველ და ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში საჯაროდ შეურაცხყვეს უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ყოვლადწმინდა მარიამი, ამასთან, ვრცელდება ცილისმწამებლური განცხადებები, ჩვენ მაინც მოვუწოდებთ მრევლს, რომ არ აყვნენ პროვოკაციებს, რადგან მავანთა სურვილი სწორედ შფოთისა და არეულობის შემოტენაა და მათ მიზნის განხორციელებაში ხელი არ უნდა შევუწყოთ.

პირველ რიგში, მოვუწოდებთ ჩვენს სამღვდელოებას, შეწყვიტონ ყოველგვარი ურთიერთობა „რუსთავი 2-თან“, არ მისცენ ინტერვიუ და არ მიიღონ მათ არცერთ გადაცემაში მონაწილეობა. სასურველია, იგივე გაითვალისწინონ მათ, ვისთვისაც ღირებულია ჩვენი ეკლესია და ჩვენი ფასეულობები.

ასევე მივმართავთ საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებს და იმ უცხოელ დონორებს, რომლებიც დასავლური ღირებულებების ჩვენს ქვეყანაში გავრცელებას უწყობენ ხელს, – დაანახეთ საზოგადოებას, რომ ევროპული დემოკრატია არ არის ხალხის უდიდესი უმრავლესობის აზროვნების წესის და მათი რელიგიური გრძნობების უგულებელყოფა, რათა ჩვენს მოქალაქეებს არ შეექმნათ არასწორი წარმოდგენა და განწყობები.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გადადგან ქმედითი და სწრაფი ნაბიჯები, რათა შეიქმნას საზოგადოების დამცავი სამართლებრივი და სხვა სახის მექანიზმები და გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე“, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

ამ თემაზე:

მიტროპოლიტმა იობმა ჟურნალისტი გიორგი გაბუნია დაწყევლა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]