weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ახალქალაქში მწყემსები გაკოჭეს და 65 ძროხა მოიპარეს

16:22 ორშაბათი, 28 მაისი 2018
ახალქალაქში მწყემსები გაკოჭეს და 65 ძროხა მოიპარეს ფოტო © Jnews.ge

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშთან 65 ძროხა მოიპარეს, რის გამოც ადგილობრივებმა და მწყემსებმა თურქეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ბოროტმოქმედების დაკავებას, საქონლის დაბრუნებას და საქართველო-თურქეთის საზღვარზე კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ.

ჯავახეთის საინფორმაციო ცენტრის Jnews-ის ცნობით, საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ სოფლების - ხავეთის, მიასნიკიანის, ბოზალის, დადეშის მცხოვრებლები და ასევე საგარეჯოელები, რომლებიც თურქეთის საზღვართან, საზაფხულო საძოვრებზე საქონელს მწყემსავენ.

65 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი 26-27 მაისს მოიპარეს. Jnews-ის ინფორმაციით, მწყემსებს ხელები შეუკრეს და მანამდე არ გაათავისუფლეს, სანამ საქონელი არ გარეკეს. მწყემსების თქმით, ბოროტმოქმედები თურქულად საუბრობდნენ.

ერთ-ერთი ფერმერი, რომელსაც ზაფხულის საძოვრებიდან საქონელი მოპარეს, საგარეჯოელი გიორგი კევლიშვილია.

„50 სული საქონელი ჩემი იყო, 15 კი სხვა საგარეჯოელი მწყემსების. ქურდები დაახლოებით ღამის 1-ელ საათზე გადმოვიდნენ. მწყემსები შეკრეს, ხელებსა და ფეხებზე ბორკილები დაადეს, პირი აუკრეს და საქონელი გაიტაცეს. თურქეთის მიმართულებით ჰყავთ გადარეკილი. ერთ საათში შევატყობინეთ პოლიციასაც, სასაზღვროსაც. თურქეთში რომ არის გადარეკილი, ყაჩაღობიდან 3-4 საათში, გათენებისთანავე დავადგინეთ. კვალი იქითკენ მიდის. პოლიცია გვეუბნება, რომ კვალზე არიან, მაგრამ რა იქნება, არ ვიცით. სულ 111 სული გვყავდა, ხბოების ჩათვლით“, - უთხრა გიორგი კევლიშვილმა „რეგინფოს“.

ადგილობრივების თქმით, გასული წლის შემოდგომაზე სოფელ დადეშიდან 20 ძროხა მოიპარეს და ამ შემთხვევაშიც საქონლის კვალი თურქეთამდე მიდიოდა.

საპროტესტო აქციის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო. თურქეთის მიმართულებით გადაადგილებას ვერ ახერხებდნენ სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები. აქციის მონაწილეებს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი შეხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]