weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რატომ ცემეს ახმეტაში სპორტული სკოლის დირექტორი მამუკა აბრამიშვილი

13:39 სამშაბათი, 29 მაისი 2018
კადრი რუსთავი 2-ის ვიდეომასალიდან კადრი რუსთავი 2-ის ვიდეომასალიდან

ახმეტაში ზურაბ ზვიადაურის სახელობის ძიუდოს სასპორტო სკოლის დირექტორი მამუკა აბრამიშვილი ცემეს. აბრამიშვილს ფიზიკურად 26 მაისს გაუსწორდნენ. მომხდარის შემდეგ მამუკა აბრამიშვილი სამსახურში არ გამოცხადებულა.

„გავიგე, რომ ცემეს. სამსახურში არ მოსულა. ტელეფონი გათიშული აქვს. თანამშრომლები გავგზავნე, რომ მომეკითხა, მაგრამ სახლში არ დახვდათ“, - უთხრა „რეგინფოს“ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა.

„რეგინფოს“ ინფორმაციით, მამუკა აბრამიშვილის ცემა ძიუდოს ფედერაციაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი და წევრები, ასევე ოლიმპიური ჩემპიონი, ახმეტის ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, ძიუდოისტებმა, 27 მაისს, თბილისში, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციაც გამართეს. აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ზვიადაური ახმეტაში წინა დღეს მომხდარ ფაქტსაც შეეხო. „იქიდან გამომდინარე, გუშინ რაც მოხდა ახმეტაში, ყველამ გაიგეთ ალბათ, ვღელავ“, - აღნიშნა ზვიადაურმა.

ახმეტის სასპორტო სკოლის თანამშრომლებმა „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მამუკა აბრამიშვილი ზურაბ ზვიადაურის დავალებით ახმეტიდან თბილისში დაგეგმილ აქციაზე სპორტსმენების წაყვანას ცდილობდა, რასაც აბრამიშვილსა და დავით ქევხიშვილის მომხრეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

საყურადღებოა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომელიც „რეგინფომ“ მოიპოვა. გასულ კვირაში ახმეტის სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილედ ძიუდოს კლუბ „პანკისის“ დამფუძნებელი ვასილ მარგოშვილი დაინიშნა, რომელიც დავით ქევხიშვილთან მეგობრობს. პანკისის ძიუდოს კლუბმა ფედერაციაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, 5 მაისს განცხადებაც გაავრცელა და დავით ქევხიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა.

სასპორტო სკოლის დირექტორის მოადგილედ ვასილ მარგოშვილის დანიშვნას უარყოფს ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი. თუმცა, მერიის თანამშრომლებმა „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ვასილ მარგოშვილის დანიშვნაზე გადაწყვეტილება მას შემდეგ შეიცვალა, რაც მამუკა აბრამიშვილმა და ზურაბ ზვიადაურმა ეს საკითხი გააპროტესტეს.

არაერთი მცდელობის მიუხედავად „რეგინფომ“ ვერ მოახერხა მამუკა აბრამიშვილთან, ვასილ მარგოშვილთან და ზურაბ ზვიადაურთან დაკავშირება.

ზურაბ ზვიადაურმა თვითონ გაავრცელა ფოტო, რომელიც ნაცემ მამუკა აბრამიშვილთან ერთად აქვს გადაღებული. ფოტოდან ჩანს, რომ სასპორტო სკოლის დირექტორს დაზიანებები მარცხენა თვალის და შუბლის არეში აქვს მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ მამუკა აბრამიშვილის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]