„უღელტეხილის მხრიდან ხისოს მიმართულებით გზა მდინარეში ხელოვნური ყრილებით გაგვყავს. ცოტა დაგვრჩა გზის დაერთებამდე. 3 ან მაქსიმუმ 5 ივნისს სატრანსპორტო მოძრაობა აღდგება, თუმცა ფერმერები, რომლებიც საქონელს ზამთრის საძოვრებიდან თუშეთის საზაფხულო საძოვრებზე მიერეკებიან, უკვე უღელტეხილს ქვემოთ გველოდებიან. ნაწილი გზაშია. ალბათ, ყველამ რომ გადარეკოს თუშეთში საქონელი 10 დღე, ორი კვირა მაინც დასჭირდება. ამ პერიოდში გზაზე მოცულობითი სამუშაოების ჩატარებას ვეღარ შევძლებთ, მოძრაობას კი მოვაწესრიგებთ, შეძლებისდაგვარად მანქანებსაც გავატარებთ. მეწყრულ მონაკვეთზე მოძრაობა იქნება ცალმხრივი, ჩვენი თანამშრომლები დაარეგულირებენ პოლიციასთან ერთად. საქონელი რომ გაივლის, მერე დავიწყებთ გზის გაფართოებას“, - აღნიშნა ტარიელ წიკლაურმა.
27 მაისს, თუშეთის გზაზე 56 წლის ტარიელ სახოკია დაიღუპა. სატვირთო მანქანა, რომლითაც ის გზის აღსადგენად ქვა-ღორღს ეზიდებოდა, მდინარე ალაზანში გადავარდა.
მეწყერის ადგილას საგზაო კომპანიის კიდევ 15 თანამშრომელი მუშაობს. ყველა მათგანმა იცის, რომ დამეწყრილი მთიდან ლოდები ნებისმიერ დროს შეიძლება მოწყდეს და ჩაფხუტი ვერ უშველის. საფრთხის ქვეშ არიან ტურისტებიც, თუკი თუშეთში წასვლას ამ გზით გადაწყვეტენ. თუშეთამდე კი სხვა სამანქანო გზა უბრალოდ არ არსებობს. მსხვერპლის და მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, მთავრობას პრობლემის მოსაგვარებლად ამ დრომდე არანაირი გეგმა არ აქვს.
ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 56-ე კილომეტრზე, სოფელ ხისომდე, დაახლოებით 500 ათასი კუბური მეტრი სიდიდის კლდოვანი მასა გასულ წელს, ზამთარში მოწყდა. მეწყერმა 10 მეტრის სიმაღლეზე გზის სავალი ნაწილი დაფარა და მდინარე ალაზნის დინება გადაკეტა. თუშეთის გზის გახსნა 1 თვით დაგვიანდა და მაისის შუა რიცხვების ნაცვლად, 12 ივნისს გაიხსნა. დროებითი გზა ხელოვნური ყრილებით, ნახევრადმოწყვეტილი მთის ძირში, პირდაპირ დაგუბებული მდინარის მარცხენა ნაპირას გაიყვანეს. გზის ამ მონაკვეთზე გავლა სახიფათო იყო მთელი სეზონის განმავლობაში (ივნისიდან ოქტომბრის ბოლო რიცხვებამდე). დამეწყრილი მთიდან მოწყვეტილმა ლოდმა და ნაშალმა მდინარის დინება აგვისტოშიც გადაკეტა, დროებითი გზა დატბორა. ქვათაცვენის გამო გზის ნაწილიც ჩაინგრა. მთიდან ჩამოვარდნილი ლოდი გზაზე მიმავალი ტურისტების ავტომობილს დაეცა. ვიზიტორები სიკვდილს შემთხვევით გადაურჩნენ.
წელს ამ ადგილას ვითარება გაუარესდა. თუ შარშან წყალი 380 მეტრის სიგრძეზე იყო დაგუბებული, დატბორილი ტერიტორიის სიგრძე 500 მეტრამდე გაიზარდა. მეწყრული პროცესებიც გააქტიურდა.
ამ თემაზე: