რატომ დაიწყო პროცესი დასავლეთ საქართველოდან? სეს-ის განმარტებით, ქიმიური წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრა. ამჟამად ზუსტად იმ ფართობების ქიმიური დამუშავება მიმდინარეობს, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა.
ფერომონები დამონტაჟდა სამცხე-ჯავახეთშიც - ტრასისპირა, გზისპირა ტერიტორიებსა და ბაღებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ამბობს, რომ ტერიტორიების განსაზღვრა მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ ადგილებში ინაცვლებს ტყიდან მავნებელი. გარდა ამისა, არსებობს აზიური ფაროსანას, სამცხე-ჯავახეთში ტრანსპორტის საშუალებით გავრცელების რისკიც. ლია ბექაურის თქმით, დამჭრები გასულ წელსაც, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში იყო დამონტაჟებული. სეს-ის ინფორმაციით, 2017 წელს სამცხე-ჯავახეთში აზიური ფაროსანა არ დაფიქსირებულა, მიმდინარე პერიოდი კი დაკვირვების ქვეშაა.
როგორ დაიცვან ფერმერებმა კარტოფილის კულტურა
სამცხე-ჯავახეთში ყველაზე გავრცელებული კარტოფილის კულტურაა. იგი ადგილობრივების ძირითადი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. მიიჩნევა, რომ ყველაზე გემრიელი კარტოფილის მოსავალი სწორედ ამ რეგიონში მოდის. კარტოფილი სხვა დანარჩენ ბოსტნეულთან, თესლოვან და კურკოვან ხეხილის სახეობებთან ერთად, აზიური ფაროსანას ტრადიციული საკვებია.
კარტოფილი მოჰყავს სოფელ ვალეში მცხოვრებ თენგიზ ხითარიშვილსაც. იცის, რომ აზიური ფაროსანა აღნიშნულ კულტურას აზიანებს და როგორც გვეუბნება მავნებელთან ბრძოლისთვის მზად არის. ფერმერს მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება უკვე აქვს. როგორც თენგიზი ამბობს,წლებია კარტოფილის კულტურაში ხოჭოს ებრძვის, პოპულაციაც საგრძნობლად შეამცირა და აზიური ფაროსანას გავრცელების შემთხვევაში, დადგენილი წესებითა და ხერხებით მისგან მომავალი ზიანის პრევენციასაც მოახერხებს.
„მთავარია ზუსტად მივყვეთ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ შემუშავებულ გეგმას. ისევე როგორც ხოჭოსთან ბრძოლისას, აქაც მთავარია ფერმერებმა წესები დავიცვათ“, - ამბობს თენგიზი და გვარწმუნებს, რომ სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობამ მავნებელთან ბრძოლისა და სხვადასხვა კულტურის მოვლის ხერხები კარგად იცის.
ცრუ მითები და საინფორმაციო კამპანია სამცხე-ჯავახეთში
ინფორმირებულობის აუცილებლობაზე სამცხე-ჯავახეთში აზიურ ფაროსანაზე გავრცელებული ცრუ მითებიც გვარწმუნებს. მავნებელთან შეხება არ ქონიათ, ამიტომ აბნევთ და კითხვებს უჩენთ სოციალურ ქსელში აზიურ ფაროსანაზე ნანახი არასწორი ინფორმაცია. ისევე როგორც დანარჩენ საქართველოში, აქაც მთავარი შიში უკავშირდება საკითხს - „რა მოუვა და რამდენად დაზიანდება ადამიანის ჯანმრთელობა თუ მას აზიური ფაროსანა უკბენს?“ როგორც სპეციალისტები ამბობენ, ერთადერთი უარყოფითი შეგრძნება რაც მავნებელს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მოაქვს მისი სუნია, რომელსაც გაღიზიანების დროს აფრქვევს, მწერისგან კბენის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.
მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სამცხე-ჯავახეთში შესაბამისი კამპანია უკვე დაწყებულია. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი მოსახლეობის გარდა, უკვე შეხვდა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს. ზურაბ ჩეკურაშვილმა მათ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია გააცნო. უშუალოდ სამცხე-ჯავახეთში მოქმედების გეგმა კი მაშინ გაიწერება, როდესაც რეგიონში განთავსებული ფერომონების მონიტორინგის შედეგები გახდება ცნობილი. ტემპერატურიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ სამცხე-ჯავახეთში მავნებლის გავრცელების დონეს ივნისის შუა რიცხვებში დაადგენენ.
იმის გამო, რომ გასულ წელს დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანა აქტიურად პირველად გამოჩნდა, როგორც მოსახლეობა, ისე დარგის ექსპერტები ფორსმაჟორში აღმოჩნდნენ და ძირითადად უცხოელი პარტნიორების გამოცდილებაზე იყვნენ დამოკიდებული, რომლებიც თავის მხრივ აღნიშნავდნენ, რომ ეფექტური სტრატეგიის შემუშავებისთვის საჭირო იყო აზიურ ფაროსანაზე უშუალოდ საქართველოში მიღებული დაკვირვება და გამოცდილება. შესაბამისად, სამცხე-ჯავახეთს, სადაც მავნებელი ამ დრომდე აქტიურად არ დაფიქსირებულა შეუძლია მისი მეზობელი რეგიონების გამოცდილება გაიზიაროს.
[ავტორი – ეკატერინე მამამთავრიშვილი]
მედიაპროდუქტი მომზადებულია „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ EBRD-ის მხარდაჭერით „ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ – JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.