სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ხუბუტიამ სკოლის დირექტორი ნინო გოგინავა შეაქო: „ძაან კარგად მიყვება ჩვენი სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნინო გოგინავა თავის საქმეს“.
„ამ პატარა საქართველოში ერთეულები არიან, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ზრუნავს მომავალ თაობაზე და აძლევს სტიმულს ხვალინდელი დღისთვის. თქვენ მართლა დაგვარწმუნეთ, რომ ჩვენ შრომას ფასი აქვს. ამიტომ, გვინდა, რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ. ჩვენთვის დიდი პატივია თქვენნაირი სტუმრის მასპინძლობა და გვინდა ჩვენი სკოლის მოსწავლეების სახელით ოჯახის მფარველი ხატი გადმოგცეთ“, - მიმართა სკოლის წარმომადგენელმა მიხეილ ხუბუტიას.
ღონისძიებას ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი კახაბერ ფარცვანიაც ესწრებოდნენ.
„ნეტავ მომეცეს იმის შესაძლებლობა, რომ კურსდამთავრებულები ასე გავახარო, როგორც დღეს მიხეილმა გაახარა. ადამიანმა თავისი პირადი სურვილიდან გამომდინარე გააკეთა ეს საჩუქარი და მე ამაში ცუდს ვერაფერს ვერ ვხედავ“, - ციტირებს რადიო „ათინათი“ რესურსცენტრის უფროსის კომენტარს.
მიხეილ ხუბუტია ზუგდიდის N1 საჯარო სკოლაში სწავლობდა.
გვიან ღამით, უცნობმა პირებმა, ზუგდიდში, პირველ საჯარო სკოლასთან რამდენიმე ადგილას და საგანმანათლებლო რესურსცენტრის შენობაზე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი მიახატეს.