კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილი ზაზა სარალიძემ გამოთქვა.
„ძალიან დიდი სურვილი მაქვს, თუ საშუალება იქნება, 16:00 საათზე შევხვდე ჩემს სულიერ მამას. მე მას მარტო შევხვდები და, რა თქმა უნდა, ჩემს შვილსა და ოჯახზე ვისაუბრებთ. მე მივდივარ ჩემს სულიერ მამასთან არა იმაზე, რომ შეთანხმებებზე წავიდეთ, არამედ გავუზიარო ჩემი გაჭირვება“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.
მისივე თქმით, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდება: „აქცია მანამ დარჩება ძალაში, სანამ ჩემი შვილის მკვლელები, მკვლელებზე ხელის დამფარებლები, საქმის გამყალბებლები და ამ სისტემის მფარველები არ დაისჯებიან. ძალაში რჩება პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის გადადგომის მოთხოვნა, რადგან სისტემას ეგენი მფარველობენ“.
საპროტესტო აქცია, 31 მაისს, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მოკლული დავით სარალიძის მამამ მთავარი პროკურატურის შენობასთან დაიწყო, რომელსაც პოლიტიკოსები და განაჩენით, ასევე პროკურატურის საქმიანობით, უსამართლობით უკმაყოფილო ადამიანებიც შეუერთდნენ. მას შემდეგ, რაც მთავარმა პროკურორმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა, აქცია პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა, სადაც მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს.