დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას, დავით დადუნაშვილს შეხვდა. ამის შემდეგ შსს-მ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ გიორგი გახარია მზად არის, უპირობოდ შეხვდეს ზაზა სარალიძეს და მიმდინარე საქმის დეტალები გააცნოს.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმე შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოებაში უკან დაიბრუნა. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, გამოძიების მიზანია, დაადგინოს ის პირები, რომლებიც მუდმივად, ფარულად ცდილობდნენ ფაქტების (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დამახინჯებას და ფინანსური თუ სხვა გავლენების გამოყენებით სასამართლო განხილვის შედეგებზე ზემოქმედებას.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ადგილზევე გარდაიცვალა, დავით სარალიძე კი საავადმყოფოში. თბილისის საქალაქო სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წელი 6 თვე მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.