„მივდივარ პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად ყველა პოლიტიკოსთან ერთად, ამასთან საზოგადოებრივ მოღვაწეებთან და ელიტის წარმომადგენლებთან ერთად. დანარჩენ დეტალებს ჩემი მეგობრები გაგაცნობენ. ბოდიშს გიხდით, მეუღლე მართლა ძალიან ცუდად მყავს. ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით. უნდა დავბრუნდე სახლში და ხვალ თქვენთან ვარ“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ და აქცია დატოვა.
პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ზაზა სარალიძის ინიციატივაა.
„ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან დიალოგის დაწყებას მთავრობის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით. მეორე - ყოველდღიურად აქ, რუსთველზე, სოლიდარობის ღონისძიებები გაიმართება. მესამე საკითხი, რაზეც ასევე შევთანხმდით ზაზასთან არის ის, რომ თუ საპასუხო ნაბიჯი არ იქნა გადადგმული ხელისუფლების მხრიდან, კვირას 10 ივნისს, 16:00 საათზე, მთელი საქართველო იკრიბება რუსთაველზე. ეს არის შეთანხმებული ზაზა სარალიძესთან და მალხაზ მაჩალიკაშვილთან. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ და არავის დავაჩაგვრინებთ ამ ადამიანებს. ამ პროცესს ბოლომდე მივიყვანთ. ხვალ მივდივართ კანცელარიაში და იმედია, არ დაგვემალება პრემიერი“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ზაზა სარალიძე პარლამენტთან მიმდინარე აქციას, რომელიც 18:00 საათზე დაიწყო, რამდენიმე საათის დაგვიანებით შეუერთდა. როგორც სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აქციაზე 18:00 საათისთვის იმიტომ ვერ მივიდა, რომ მისი მეუღლე ცუდად იყო.